პარტია “ახალის” გენერალურმა მდივანმა თენგო თევზაძემ, გადაცემაში “დღის თემა” პროტესტის საწყის ეტაპსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაციის გაწყვეტაზე ისაუბრა.
“პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ალიანსის ის ანონსი, რომელიც 31 მარტს გააკეთა 26 მაისთან დაკავშირებით და საზოგადოების მობილიზაცია და ეს ძირითადად თბილისს ეხებოდა, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა მაშინ აქციაზე და იყო ასე ვთქვათ, ძალიან დიდი პროტესტი, დიდი, რაოდენობრივად ძალიან ბევრი ადამიანი აქციაზე. ჩვენ ვთქვით, რომ ეს მობილიზაციის კამპანია გაგრძელდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით და შემდეგ იქნებოდა კიდევ. ჩვენ ვხედავთ და ვხედავდით, რომ უკვე 27 მაისიდან რატომღაც კოორდინაციულმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ლიდერებმა ჩათვალეს, რომ რაღაცნაირად საფრთხე შეიძლებოდა ყოფილიყო ოპოზიციის კოორდინაცია და ეს არის სამწუხარო და შემდეგ “კოალიცია ცვლილებისთვის” მისამართით რაღაც ზღაპრების მთელი ჯაჭვი იყო”, – განაცხადა თევზაძემ.
წამყვანის კითხვაზე, არსებობს თუ არა ოპოზიციური ალიანსი ისევ, თენგო თევზაძემ უპასუხა:
“ოპოზიციური ალიანსი იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არის დისფუნქციური. ამ შემადგენლობით არ არსებობს, მაგრამ ოპოზიციის ალიანსში მყოფ პოლიტიკურ პარტიებთან გვქვს ჩვენ აქტიური კოორდინაცია”, – განაცხადა თენგო თევზაძემ.
წამყვანის კითხვაზე თუ როდის ჰქონდათ ბოლოს შეკრება, თევზაძემ უპასუხა, რომ პოლიტიკური პარტიების შეკრება 2 დღის წინ გაიმართა პარტია “ახალის” ოფისში.
წამყვანმა თევზაძეს ასევე მიმართა კითხვით – თუ ოპოზიციური ალიანსი დისფუნქციურია, რა აზრი აქვს მაშინ იქ ყოფნას, რაზეც თევზაძემ უპასუხა:
“დისფუნქციური არის თავდაპირველი შემადგენლობით, ამიტომ ვახსენე, იმ თავდაპირველი შემადგენლობით ეს ასე არ ფუნქციონირებს, მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ კოორდინაციის მნიშვნელობას და აუცილებლობას და ვფიქრობთ, რომ კოორდინაცია უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდეს, მათ შორის, იმ პროტესტის და პოლიტიკური პროცესის გაძლიერებისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა დაიწყოს”, – განაცხადა თენგო თევზაძემ.


