პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი კომპანია „ვოლტის“ რეკლამაში Kordz-ის მთავარ პერსონაჟად გამოჩენას სოციალური ქსელში ეხმაურება.
„ვოლტი“ საერთაშორისო ფინური კომპანიაა, რომელიც ამერიკულ DoorDash-ს ეკუთვნის. როგორც წესი, გლობალური კორპორაციების პოლიტიკა მკაცრად კრძალავს ადგილობრივი ოფისების მხრიდან რომელიმე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში აშკარა ჩარევას, რათა დაცული იყოს გლობალური ბრენდის ნეიტრალიტეტი, რეპუტაცია და ბრენდმა არ დაკარგოს „უსაფრთხო, ნეიტრალური პლატფორმის“ სტატუსი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრენდის მხრიდან ალოგიკურად მიმაჩნია, სარეკლამო სახედ გამოიყენოს ადამიანი, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს პოლიტიკური გემოვნების გამო საჯაროდ აკრიტიკებს და შეურაცხყოფს, თუ თავად ბრენდი პირდაპირ არ ეთანხმება მას ამ განწყობებში.
ზოგადად, ბრენდის „ბრენდ აქტივიზმი“ გლობალურ ბიზნესში გამოიყენება, მაგრამ ის სარისკოა, რადგან, როცა ბიზნესი მასობრივ მომხმარებელზეა ორიენტირებული და ის პოლიტიკურ მხარეს იჭერს, ავტომატურად აშორებს საკუთარ თავს მომხმარებელთა მეორე ნაწილს და კარგავს უფლებას, ჰქონდეს მოლოდინი, რომ მისი ბიზნესი მომხმარებლად შეინარჩუნებს სწორედ ამ მეორე ნაწილს.
ასეთ დროს მომხმარებელთა მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება ან აპლიკაციის წაშლა თავისუფალი ბაზრისა და სამოქალაქო პროტესტის ნაწილია, და ამ პროცესს თავად იწვევს ბრენდის მიერ გადადგმული ნაბიჯი და არა რაიმე ხელოვნურად შექმნილი მიზეზი.
ამ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ბრენდის მიერ შერჩეული სარეკლამო სახე მათ იდეოლოგიას ან არჩევანს შეურაცხყოფს, მათი მხრიდან აპლიკაციის წაშლა ან კონკურენტი კომპანიის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება იქნება სამოქალაქო და ეკონომიკური პროტესტის ყველაზე პირდაპირი ფორმა, რომელსაც ისინი გამოიყენებენ. ამას მათ ვერავინ უკარნახებს და მათ ამაში ხელს ვერავინ შეუშლის.
კორპორაციულ სამყაროში ამას „მომხმარებლის ხმას“ უწოდებენ. ეს ხმა ძალიან ხმამაღალია და, ამ შემთხვევაში, რაოდენობრივად, მინიმუმ, 1 120 053 ამომრჩევლის ხმას უდრის“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.


