პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ვლადისლავ ტატარინცევისთვის საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ახალი თავსატეხი რადიკალების ბანაკში – მიიღებენ თუ არა თავიანთ რიგებში „სოსოიას რუსს?” ქვეყნის
ხელისუფლებამ, რომელსაც ისინი არალეგიტიმურად ცნობენ, პრეცედენტული ნაბიჯი გადადგა: ვოლგოგრადის 22 წლის მაცხოვრებელ ვლადისლავ ტატარინცევს – ჯარისკაცს, რომელიც ბრძოლის ველიდან გამოქცეული რუსეთის არმიის დეზერტირია, საერთაშორისო პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა. მართალია, ის რუსია და რადიკალებისთვის საზიზღარ რუსულ ენაზე ლაპარაკობს, თუმცა პუტინის მტერი გამოდის, მაგრამ, ამავდროულად, „არალეგიტიმური“ მთავრობის თავშესაფრით სარგებლობს.
ამ კოგნიტური თავსატეხიდან “აკაცუკური” ლოგიკა რა გამოსავალს მოძებნის, ორმაგად საინტერესოა ჩვენთვის…
თვალწინ მიდგას წლების წინ ჩატარებული გულამაჩუყებელი საპროტესტო აქციები თბილისში, რუსეთის საელჩოსთან, პუტინისადმი სასტიკი მოთხოვნით: „გაათავისუფლეთ უკრაინის გმირი ნადეჟდა სავჩენკო, თქვე ფარჩაკებო“.
რამდენი აკაცუკური ცრემლი დაიღვარა იმ სევდიან დღეებში.
ვერ გაუძლო მაშინ პუტინმა, გატყდა და გაათავისუფლა სავჩენკო. ზუსტად ერთ წელიწადში ნადეჟდა („იმედი“?) უკრაინის რადაში დააკავეს, სამშობლოს ღალატსა და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. არ აეტეხათ მაშინ ის გნიასი, ხომ თავისუფლებაზე დარჩებოდა ქართველი რადიკალების „ჟანა დ’არკი“. როგორ იციან ხოლმე…
ან რა დაუნდობლები არიან საკუთარი გულანთებული მომხრეების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ „სინდისის პატიმრები“ იყვნენ, დღეს კი „უსინდისო პრობაციონერებად“ გადაიქცნენ, რადგან „არალეგიტიმურ“ პრეზიდენტს შეწყალება სთხოვეს. მაგრამ იმათაც რა ექნათ, რამდენჯერ მიმართეს „ლეგიტიმურ“ პრეზიდენტს, მაგრამ იმას ხომ სულ არა სცალია: ხან სად დაეთრევა „ოფიციალური“ ვიზიტებით, ხან სად.
მაგანაც რა ქნას, ერთადერთი „ლეგიტიმურია“ ამდენი პრეზიდენტის გარემოცვაში, ყველაფერი როგორ მოასწროს…
მოკლედ, მორიგ ჩიხში არიან “აკაცუკები”. ვერც ხოშტარიას ადიდებენ „თლა“ ბოლო ხმაზე, რომელიც ფინანსურად ანგრევს კრემლს (არის ამაში მაინც რაღაც „ნი ტო“) და არ აძლევს საშუალებას, ყოველთვიურად უკრაინის წინააღმდეგ გამიზნული ერთი-ორი დამატებითი დრონი აწარმოონ. ახლა ეს ტატარინცევიღა აკლდათ, რომელმაც ბრძოლის ველიდან გაქცევით კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვა კრემლის გარდაუვალი მარცხი ამ ომში.
„ამათი“ მინიჭებული თუ „ამათი“ შეწყალებული როგორ იზეიმონ? ამაშია საქმე (©️ ვაჟა ზაზაევიჩი). ეს შაბიამნის ახალი პარტიაც აგვიანებს ევროფონდებიდან, ამასობაში კი მორიგი „ცხელი“ შემოდგომის ფსიქიატრიული რეციდივიც კრეფდა თავის „აბაროტებს“. თანაც, ერთ კვირაში უწყვეტი აქციების საზეიმო 666-ე დღე უახლოვდებოდათ”, – წერს დავით ქართველიშვილი.


