ზურაბ ქადაგიძე FARA-ს გამკაცრებაზე: „იდეაში ბევრად მსუბუქი და ბევრად დემოკრატიული ქართული კანონმდებლობა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობას, რადგან განსხვავება ცალსახაა – ამერიკაში ეს განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულად ითვლება, საქართველოში კი ერთი შემთხვევაც არ არსებობს, რომ ამ კანონმდებლობით ვინმე დაეკავებინათ ან დაესაჯათ“
„იდეაში ბევრად მსუბუქი და ბევრად დემოკრატიული ქართული კანონმდებლობა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობას, რადგან განსხვავება ცალსახაა – ამერიკაში ეს განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულად ითვლება, საქართველოში კი ერთი შემთხვევაც არ არსებობს, რომ ამ კანონმდებლობით ვინმე დაეკავებინათ ან დაესაჯათ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ზურაბ ქადაგიძემ FARA-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„თვალყურს ვადევნებ ამერიკაში მიმდინარე ამ საკანონმდებლო პროცესს და ამერიკელებმა ალბათ ჩათვალეს შესაბამისი გამოწვევებიდან გამომდინარე, რომ ამ ფედერალური აქტის გამკაცრება აუცილებელია.
მინდა რამდენიმე დეტალი შეგახსენოთ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს ფედერალური აქტი – ე.წ. ფარა, რომელიც ლობიზმსა და პოლიტიკურ საქმიანობას აკონტროლებს, პრევენციას ახდენს და მას აუცილებლად სჭირდება დეკლარირება და გამჭვირვალობა, რათა არ მოხდეს სხვა სახელმწიფოს ინტერვენცია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი დარღვევა პირდაპირ სისხლის სამართლის წესს ითვალისწინებს, შესაბამისად, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 250 ათასი დოლარია ჯარიმა.
ამერიკაში არის ერთი დამატებაც, რაც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია – ამერიკის სისხლის სამართლის კოდექსში ასევე არის 951-ე მუხლი, რომელსაც ე.წ. „ფარა ლაითს“ ეძახიან და იდეაში ამერიკული საპროკურორო და იურიდიული საქმიანობაც ამაზე ეწყობა ხოლმე. ეს არის გაცილებით მკაცრი კანონი, ხშირად დუბლირებულიც და ორი კანონით მიმდინარეობს პრევენციისთვის მუშაობა. როგორც ვთქვი, ის აცილებლებით მკაცრია და ათწლიან სასჯელსაც ითვალისწინებს. თუ ფარა გარკვეულწილად პოლიტიკური თვალსაზრისით არის მზღვეველი, ეს კანონი შემაკავებელს გულისხმობს და ათ წელს ითვალისწინებს.
ეს ყველაფერი იმისთვის მოვიყვანე მაგალითად, რომ ჩვენ შედარება გავაკეთოთ ქართულ ანალოგთან, ფარას ქართულ ვერსიასთან. გვინახავს ამ კუთხით სისხლის სამართლით მსჯავრდებული პირი ან ორგანიზაცია? ან ვინმეს თუ შეზღუდვია სამუშაო? არა! აი, ეს კონტრასტი და ეს კონტრასტი უნდა დავინახოთ ჩვენ. განსხვავება ცალსახაა: განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულად ითვლება ეს ამერიკაში, საქართველოში კი ჩვენ ეს ეტაპები უნდა გაგვევლო, ამიტომ იყო დაწყებული მსუბუქი ვერსიით და შემდეგ გადავედით უკვე ფარას ანალოგზე, ამერიკული კანონმდებლობის კოპირებაზე. რატომ? იმიტომ, რომ დღეს, როგორც არასდროს, მსოფლიო არის მოწყვლადი გამჭვირვალობის თვალსაზრისით, რადგან ყველაზე მარტივია და ზოგიერთ სახელმწიფოს აქვს იმის საშუალება, რომ ინტერვენცია მოახდინოს სხვა ქვეყნის არა მხოლოდ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და შიდა სოციალურ სფეროზე, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაზეც. ამისათვის არის ეს ყველაფერი.
რაც შეეხება ქართულ კანონმდებლობას, ძალიან კარგად იმოქმედა გამომდინარე იქიდან, რომ უკონტროლო შავი ფული ქვეყანაში აღარ შემოდის. შესაბამისად, შავი ფულით ვეღარ ფინანსდებიან აქ გარკვეული რადიკალი აქტივისტები და აქედან გამომდინარე, ისინი არანაირ კამპანიას არ აწარმოებენ. ანუ, ძალიან მარტივად არის საკითხი – ეს იყო აუცილებელი, მე თუ მკითხავთ, დაგვიანებულიც კი, თუმცა არა უშავს, უკვე მოქმედებს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ამერიკაში, სადაც ფედერალური აქტი ითვალისწინებს 5 წელს და ფულად ჯარიმას, ხოლო 951-ე მუხლი ითვალისწინებს 10 წლით სისხლის სამართლის დევნას, საქართველოში ერთი შემთხვევაც არ არსებობს, რომ ამ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად აქ ვინმე დაეკავებინათ, ვინმე დაესაჯათ, მომხდარიყო ორგანიზაციების დახურვა, ვინმეს ხელი შეშლოდა მედიასაქმიანობაში და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, იდეაში ბევრად მსუბუქი და ბევრად დემოკრატიული ქართული კანონმდებლობა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობას. და თუკი შენ მოექცევი იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებსაც განსაზღვრავს ქართული კანონმდებლობა, არანაირი საფუძველი არ იქნება შენს მიმართ, რაც შეიძლება „ფარას“ ან სხვა კანონის შემხებლობაში აღიძრას“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.


