„ბრიუსელი არასდროს მისულა ამ მდგომარეობამდე – ის ყოველთვის ამ მდგომარეობაში იყო. უბრალოდ, გარკვეული დროის განმავლობაში ამერიკული ადმინისტრაციისა და ბრიუსელის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ზურაბ ქადაგიძემ მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„პირველ რიგში, ერთი რამ უნდა გავიგოთ და დავინახოთ: ბრიუსელი არასდროს მისულა ამ მდგომარეობამდე – ის ყოველთვის ამ მდგომარეობაში იყო. უბრალოდ, გარკვეული დროის განმავლობაში ამერიკული ადმინისტრაციისა და ბრიუსელის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა, შესაბამისად, ისინი ტანდემში მოქმედებდნენ.
შეგახსენებთ ბაიდენის ადმინისტრაციას, რომელმაც არაერთი სანქცია დაუწესა საქართველოს. არაერთი საშინელების მოწმე გავხდით მათი მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ბრიუსელი იქ იყო, სადაც არის, და ყოველთვის იქ დარჩება, სადაც არის. ამ კონფიგურაციით, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ ამ კალასებს, კოსებსა და ფონ დერ ლაიენებს, სხვა განვითარების პერსპექტივა ბრიუსელს არ გააჩნია, შესაბამისად, მათი მეთოდები არ შეიცვლება.
მეორე საკითხია ჩვენი დამოკიდებულება. თუ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ არ მოვახდენთ ჩვენი ეკონომიკისა და საგარეო კურსის დივერსიფიკაციას ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საჯილდაო ქვა ბრიუსელსა და კონკრეტულ ადმინისტრაციას შორის, როგორც ადრე ხდებოდა.
ამიტომ ვამბობ, რომ თუ ჩვენ არ ვიფიქრებთ საკუთარ სუვერენიტეტზე, თუ ჩვენ თვითონვე არ გავხდებით პასუხისმგებლები საკუთარ შიდა თუ საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის აღმოვჩნდებით მარტა კოსისნაირი ბიუროკრატების ხელში და გლობალური პოლიტკონიუნქტურიდან გამომდინარე, ხან ერთ საჭადრაკო დაფაზე გადაგვათამაშებენ და ხან – მეორეზე.
ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ და ეს უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი: საქართველოში პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს ადგილზე, ადგილიდან უნდა იგეგმებოდეს საგარეო პოლიტიკა, საგარეო კურსი, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.


