ზურაბ ქადაგიძე რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც მეხუთე კოლონა – სხვა ქვეყნიდან დაფინანსებული და სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალა – საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშალოს“

19

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც მეხუთე კოლონა – სხვა ქვეყნიდან დაფინანსებული და სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალა – საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშალოს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ზურაბ ქადაგიძემ რადიკალური პარტიების აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ – კოლექტიური თუ ინდივიდუალური სახით – არის ისტორიის ბნელი ფურცელი, რომელიც უნდა გადაიშალოს, მიეცეს დავიწყებას და სამაგალითოდ დარჩეს ქართულ პოლიტიკაში, თუ როგორი არ შეიძლება იყოს ხელისუფალი და როგორი არ უნდა ჰყავდეს მოსახლეობას არჩეული.

შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს ის საკონსტიტუციო სარჩელიც, რომელიც ამათ აკრძალვას ითხოვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე და სასამართლო ძალიან ობიექტურ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, რათა ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ამ ჭირისგან, რა ჭირიც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ეს არ არის მხოლოდ სააკაშვილის შექმნილი ზონდერჯგუფები, სააკაშვილის მთავრობის შექმნილი მოძალადე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები და, ვთქვათ, ელიტური, ჩრდილოვანი ეკონომიკა და ასე შემდეგ. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის გარედან დაკვეთებზე მორგებული, სხვის ხელში მარიონეტი, ნებით შემსრულებელი და ინტერვენციაში მონაწილე პოლიტიკური ძალა, რომელსაც დაკვეთა საზღვრებს გარეთ ჰყავს და არანაირი ბუნებრივი, დრამატურგიული ბმა არ აქვს ადგილობრივ ამომრჩეველთან. შესაბამისად, თუ ამ ე.წ. ანკლავს ადგილობრივ ამომრჩეველთან არ აქვს შეხება, მას არც ეროვნულ ინტერესებთან აქვს შეხება. ამიტომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც მეხუთე კოლონა – სხვა ქვეყნიდან დაფინანსებული და სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალა – საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშალოს.

მე იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საზოგადოებაც დაისვენებს ამ წარმონაქმნისგან, რომელიც მინიმუმ 20 წელია, წამლავს ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.