„არც ოპოზიცია არიან და არც ალიანსი, და რაც მთავარია, არ არიან გაერთიანებულნი ქართული იდეის გარშემო. მათი ერთადერთი იდეა ფინანსებია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი ალადაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„რთულია ამ ადამიანებს დაარქვა ალიანსი ან ოპოზიცია. რა არის ოპოზიციის კლასიკური მახასიათებელი ნიშნები? ეს არის: სახელმწიფო ინტერესების წინა პლანზე დაყენება, სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა, პასუხისმგებლობა და არგუმენტებსა და ფაქტებზე დაფუძნებული კრიტიკა. რომელს აკმაყოფილებენ ესენი? ვერცერთს! ამიტომ არიან იქ, სადაც არიან – იმიტომ, რომ არ სცემენ პატივს სახელმწიფო ინსტიტუტებს, არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესწყობილებას, პასუხისმგებლობაზე თუ ვილაპარაკებთ, პასუხისმგებლობა ნული აქვთ. რომელი ერთი ყოვლად უპასუხისმგებლო ქმედება გავიხსენო მათი? მაგალითად 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენები – როდესაც ადამიანები გამოიყენეს ბრმა იარაღად, გაუშვეს ძალადობაზე, თვითონ სადღაც უკან, ჩრდილში დადგნენ და, როდესაც ახლა სახელმწიფომ ეს ადამიანები შეიწყალა, რადგან დანაშაული მოინანიეს, დგანან და ამ ადამიანებსვე ამუნათებენ.
ალიანსს ეძახიან თავიანთ თავს და ვიცით, რა არის ალიანსის მახასიათებელი ნიშნები: ერთობა, ურთიერთპატივისცემა და კოორდინირებული მოქმედება. აბსოლუტურად არაფერი აქვთ! ესე იგი, არც ოპოზიცია არიან და არც ალიანსი, და რაც მთავარია, არ არიან გაერთიანებულნი ქართული იდეის გარშემო. ისინი „გაერთიანებულები“ არიან მხოლოდ გარე დავალებების შესასრულებლად. მათი გარე პატრონების მიზანია, შეცვალონ ის ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებზეა ორიენტირებული, და ხელისუფლებაში დააბრუნონ ის ძალა, რომელიც ჩვენ უკვე ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით.
რაც შეეხება მათ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ, ისინი ახლა ერთმანეთს ყველაფერს აძახებენ – იმას, რომ პარტია გაძარცვეს, ერთმანეთს უღალატეს და ასე შემდეგ. ისინი არ არიან ქართული ბუნების ადამიანები. იდეას რაც შეეხება, არ მგონია, რაიმე იდეის გარშემო იყვნენ გაერთიანებულები. მათი ერთადერთი იდეა ის არის, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების შედეგად შეუმცირდათ დაფინანსება და „შავი ფული“. ახლა ამის გამოა რამდენიმე სუბიექტი გაერთიანებული და ცდილობენ, თავი წარმოიჩინონ პატრონების წინაშე და დაფინანსება მიიღონ. შესაბამისად, მათი ერთადერთი იდეა ფინანსებია“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.


