ნანა კაკაბაძე: “NATO-ს გენერლები უკვე პირდაპირ აცხადებენ, რომ მზად არიან რუსეთთან ომში ჩასაბმელად, რაზეც ლავროვი მოკლედ პასუხობს, რომ რუსეთზე ევროპის თავდასხმის შემთხვევაში ომი იქნება ძალიან ხანმოკლე და სულ რამდენიმე დღეში დასრულდება, რაც ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მინიშნებად უნდა მივიღოთ”

6

“როგორც მოსალოდნელი იყო, შემოდგომის დადგომასთან ერთად ძალიან გამწვავდა რუსეთ-უკრაინას შორის საბრძოლო მოქმედებები. ბოლო 3 დღეა რუსეთის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დუმის არჩევნები მიმდინარეობს და უკრაინელები მაქსიმალურად ცდილობენ ამ არჩევნების ჩაშლას, ათასობით დრონი გაუშვეს, ბევრმა მიზანს მიაღწია, მოსკოვშიც კი არის ნგრევა და მსხვერპლი. ზელენსკი მადლობას უცხადებს თავის მებრძოლებს, რუსები კი მალე საშინელი შურისძიებით იმუქრებიან. მოკლედ, ომი გრძელდება გამოფიტვამდე და მსხვერპლი იზრდება”, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

“2 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ და რუსეთმა 17 სექტემბერს დაღუპული მეომრების ცხედრები გაცვალეს – უკრაინამ თავისი 252 მეომრის ცხედარი მიიღო, რუსეთმა – 23. 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე კი მთლიანობაში უკრაინას 21 ათასზე მეტი ცხედარი გადაეცა, რუსეთს – 700. რა თქმა უნდა, ყოველი მეომრის გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ გონიერი ადამიანი მიხვდება, რომ ერთ რომელიმე დღეს მტრის განადგურებით გამოწვეულ სიხარულს მეორე დღეს გარდაუვლად ენაცვლება დიდი მსხვერპლი საკუთარ რიგებში, მით უმეტეს, თუ ამ ციფრებს შევადარებთ, უკრაინისთვის ეს კატასტროფული სურათია.

მხარეებისთვის განსაკუთრებით დამაზიანებელია ენერგოობიექტების განადგურება, რაც რუსეთში საწვავის კრიზისს, ხოლო უკრაინაში – ელექტროენერგიისა და გათბობის დეფიციტს იწვევს.

დონალდ ტრამპმა ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ თითქოს მისი ინიციატივით ორივე მხარის თანხმობით, ენერგოობიექტებისთვის აღარ უნდა დაერტყათ, თუმცა, მეორე დღესვე ეს ზეპირი შეთანხმება ორივე მხარემ დაარღვია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არავითარი დროებითი ზავი ამ ომში არ იმუშავებს.

ნატოს გენერლები უკვე პირდაპირ აცხადებენ, რომ მზად არიან რუსეთთან ომში ჩასაბმელად, რაზეც ლავროვი მოკლედ პასუხობს, რომ რუსეთზე ევროპის თავდასხმის შემთხვევაში ომი იქნება ძალიან ხანმოკლე და სულ რამდენიმე დღეში დასრულდება, რაც ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მინიშნებად უნდა მივიღოთ.

საქმის სერიოზულობაზე ისიც მიუთითებს, რომ რუსეთმა 18 სექტემბერს პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე უკრაინული ტერიტორია დაბომბა, ხოლო რამდენიმე დღით ადრე უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე დაბომბილ მატარებელს ძლივს გადაურჩნენ მასში მჯდომი კიევიდან მომავალი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი და ევროსტრუქტურების რამდენიმე მაღალჩინოსანი.

გუშინწინ საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა, რომელსაც კატასტროფულად დაბალი რეიტინგი აქვს და საპრეზიდენტო ვადა ისედაც დაახლოებით ნახევარ წელიწადში ეწურება, ფრანგული პოლიტიკური ელიტის ყველა ლიდერი შეკრიბა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ესაუბრა, რის შემდეგაც თვით ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერები, მარინ ლე პენი და ჯორდან ბარდელა, რომლებიც პრორუსებად ითვლებოდნენ, მკვეთრად ანტირუსული განცხადებებით გამოვიდნენ.

რეიტინგის კატასტროფული დაცემის კუთხით ჩემპიონი მაინც გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და მისი პარტიაა.

ორიოდე კვირის წინ საქსონიის მხარეში კატასტროფული მარცხის შემდეგ დღეს უკვე გერმანიის დედაქალაქ ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეში ჩატარდა რეგიონული საპარლამენტო არჩევნები.

ამ არჩევნების შედეგების დათვლა ახლა მიმდინარეობს, მაგრამ ეგზიტპოლების მიხედვით კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მისი შედეგები უკვე „კატასტროფად“ შეაფასა, თუმცა, განაცხადა, რომ არ გადადგება და თანამდებობას შეინარჩუნებს.

ეს კატასტროფა კი ასე გამოიყურება:

ეგზიტპოლების მონაცემებით, ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ხმების 37% მოიპოვა, მერცის ცენტრისტულ-მემარჯვენე „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ (CDU) კი მხოლოდ 5%, რაც მედიის მიხედვით, პარტიის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ადგილობრივ არჩევნებზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მედიის თანახმად, მერცის მნიშვნელოვანი მარცხია მოსალოდნელი ბერლინშიც: პროგნოზით, აქ „მემარცხენეთა“ პარტია იმარჯვებს 24,5%-ით, მერცის CDU კი მეორე ადგილს დაიკავებს ხმების 20%-ით, ხოლო AfD აქ ხმების 15,7%-ს იღებს.

ბოლო დღეებში მოულოდნელი დაპირისპირება დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს შორის. კერძოდ, ტრამპნა CNN-ის, MS NOW-სა და Politico-ს ჟურნალისტებს „მათი მხრიდან „ყალბი ამბების“ მუდმივი გავრცელების გამო“ თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. ჟურნალისტები ამის გამო სასამართლოში ჩივილს აპირებენ. ფსევდოლიბერალების გაღიზიანება იმასაც გამოუწვევია, რომ აშშ-ს კონგრესი იხილავს კანონპროექტს, რომელიც კიდევ უფრო ამკაცრებს ე. წ. “ფარას“ კანონის მოთხოვნებს უცხოური დაფინანსების მიმღებთა მიმართ.

უცნაური ინფორმაცია გავრცელდა ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველებზე:  ფეისბუკპოსტის გამო გერმანიაში მყოფი „ლიბერალი პოლიტდევნილი“ ნატა ფერაძის წინააღმდეგ იქაურ ხელისუფლებას სისხლის სამართლებრივი დევნა დაუწყია ასევე მეორე ქართველი „ლიბერალი პოლიტდევნილის“ საჩივრის დიადაგზე. თურმე გერმანიაში ფეისბუკპოსტის გამო მხოლოდ ადმინისტრაციულ კი არა, პირის მიმართ შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნაც კი დაიწყოს.

მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის ვინმე დარინა მიქელაძის განცხადება აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების შესახებ, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ხელისუფლებას უსაყვედურა, რატომ ახარჯებთ ამდენ მილიონებს ამ „ჯუჯა ბავშვებს”-ო.

თამარ ჩერგოლეიშვილს კი განუცხადებია: „4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო ავანტიურის ორგანიზატორებს ვინც ანგარიშგასაწევად მიიჩნევს, პოლიტიკაში, ჩემთან კომუნიკაციას ვუკრძალავ. აბსოლუტურად ყველა, ვინც ეს უპასუხისმგებლო და დამაზიანებელი აფიორა მოამზადა, პოლიტიკურ საფლავში უნდა ჩაწვეს. ყველა ტელემედია, რომელიც ამ უპასუხისმგებლო დორბლიანებს ეთერს აძლევს ისე, რომ ამ სამარცხვინო ავანტიურის გამო პასუხს არ თხოვს, მედია კი არა მიშა სააკაშვილის ჩეჩმაა და შესაბამისად უნდა მოექცეთ“.

ამასობაში კი 4 ოქტომბრის აფიორის მონაწილენი თანდათან რწმუნდებიან, რომ სისულელეში ჩააბეს, გმირობები ტყუილად მიაწერეს, ისინი ციხეში გამოკეტეს და პოლიტიკურ ქულებს სხვები იწერენ, კიდევ ორმა მათგანმა დაწერა აღიარება და საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა.

როგორც ჩანს, ეს პროცესი შეუქცევადი გახდება, კიდევ ბევრს აეხილება თვალი და თუ ყველა არა, ასეთი სახით გმირებად მონათლული “სინდისის” თუ “პოლიტპატიმრების” დიდი უმრავლესობა  (თუ ყველა არა) საპროცესო შეთანხმებებით დატოვებენ საპატიმროებს”, – წერს ნანა კაკაბაძე.