„ეს არის გიორგი ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადების გაგრძელება“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ნიკა გვარამიას განცხადება: “აფხაზებს არ უყვართ ქართველები და არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები”.
„შემდეგ მიხეილ სააკაშვილმაც იგივე გაიმეორა, რომ თურმე, ჩვენ აფხაზებს ვეზიზღებით. ესენი არ არიან სამშვიდობო პოლიტიკის მომხრეები. ზუსტად იმავეს აკეთებს გვარამია დღესაც, – ამბობს, რომ აფხაზებს და ოსებს, თურმე, ვეზიზღებით და ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს. ეს არის ტყუილი. აფხაზები და ოსები არიან ჩვენი ძმები,. ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობდით. აუცილებლად გაერთიანდება ჩვენი ქვეყანა და, აუცილებლად, ისევ ერთად გავაგრძელებთ თანაცხოვრებას. ეს არის მხოლოდ მოღალატეობრივი განცხადება და მხოლოდ ის, რომ დააზიანო შენი ქვეყანა და არ მოხდეს გაერთიანება“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ იუთუბ გადაცემაში სტუმრობისას ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ გააჩნიათ და წარსულის მოვლენების გამო მხარეებს შორის ურთიერთზიზღი და მტრობა ბუნებრივად არის განპირობებული.


