“გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ყველა ვართ – რომ იყო წნეხი სპორტსმენებზე, კულტურის წარმომადგენლებზე; რომ ყველა აუცილებლად უნდა გამოხმაურებოდა, ან სიმპათია გამოეხატა იმ ძალების მიმართ, რომლებიც საქართველოს მტრობდნენ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ვხედავდით მაშინ, რა შევარდნები იყო “ფეისბუკსა” თუ სხვა სოცმედიის გვერდებზე; იძულება, რომ პოსტი დაედოთ და რაიმე ეთქვათ.
ამ ადამიანმაც ეს თქვა – რომ იყო წნეხი. ამის საპასუხოდ, ჩვენ ვნახეთ გაორმაგებული თავდასხმა გველესიანზე, ვნახეთ გინება, ყველანაირი შეურაცხყოფა, კამპანია, რომელშიც ისევ იგივე ხალხი ჩაერთო – „ნაცმოძრაობა“ და ის ჯგუფი, რომელიც ემოციურად დაზიანებული ხალხია და ვხედავთ მათ ქცევას სოცმედიასა თუ რეალურ ცხოვრებაში.
მაშინდელი წნეხის უარყოფას შეეცადნენ ასევე წნეხით. კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს საკუთარი საზიზღარი ბუნება – რომ შეუძლიათ, ადამიანს თავს დაესხან იმის გამო, რომ მას მათგან განსხვავებული მოსაზრება აქვს. ამას აკეთებენ ყველას მიმართ – უცხოს, შინაურის… თავისიანებსაც ასე ექცევიან ხოლმე.
ამას თავისი ახსნა აქვს: „ბაბლს“ რომ უწოდებენ საკუთარ თავსაც ხანდახან, სინამდვილეში, ეს ტერმინი შემოტანილია იმისთვის, რომ შეალამაზონ არსი ამ ერთობისა, რომ ეს არის, სინამდვილეში, ფსევდორელიგიური სექტა.
თუ დავაკვირდებით ამ ხალხის ქცევას, ეს არის ერთი-ერთში ფსევდორელიგიური სექტა ყველაფრით. თავისი რიტუალები აქვთ და ყოველ დღე ვხედავთ: რუსთაველის გამზირზე მოდიან იმისთვის, რომ რიტუალი ჩაატარონ. ჰყავთ ქურუმი, რომელიც მათი ტელევიზიიდან ქადაგებს; აქვთ საკუთარი შეძახილები რიტუალის ჩატარების დროს; აქვთ საკუთარი სალოცავები ევროკავშირის დროშის სახით, რომელზეც ლოცულობენ და ა.შ.
როგორც ფსევდორელიგიური ფუნდამენტური სექტა, ზუსტად ისე იქცევიან. როგორც კი ვინმე მათ სექტას განუდგება, “ხლისტებივით” ჩაქოლავენ და, როგორც კი ვინმე მათი სექტის დოგმებს უარყოფს, იმ მომენტშივე ქვას ესვრიან და ქოლავენ. ეს არის ფსევდორელიგიური ფუნდამენტური სექტა, რომლადაც დღეს ჩამოყალიბდა იმ ადამიანების ერთობა, რომელსაც მუდმივად შემოაქვს დაპირისპირება, შუღლი, ბოღმა, ღვარძლი და ყველაფერი, რაც კი ფუნდამენტალისტურ სექტებს ახასიათებთ ხოლმე. ამიტომ გაურბიან დებატებს და საუბარს“, – განმარტა შალვა პაპუაშვილმა.


