შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან უერთიერთობის შესახებ: “ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ. მზად ვართ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის. როგორც კი მზაობა იქნება აშშ-ის მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორს”

10

“ჩვენ ვართ მზად, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ის ურთიერთობები, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანგრია და რეგიონში აშშ-ის საუკეთესო პარტნიორი მოიძულა – ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორთან შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ცალი მხრიდან დაანგრია ეს ურთიერთობები და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი პარტნიორობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის შესახებ საუბრისას.

„რა მომენტშიც აშშ-ის ადმინისტრაცია მზად იქნება შემდეგი ეტაპისთვის, იმ მომენტში ჩვენც მზად ვიქნებით.

ჩვენ არსად ვჩქარობთ. ჩვენი პოზიციები გვაქვს. ამ მეგობრობაში ჩვენ ვართ კეთილსინდისიერები და წინა ადმინისტრაცია მოიქცა არაკეთილსინდისიერად.

ვისაც ამ მიზნებთან ერთად უნდა ჩვენთან პარტნიორობა და ურთიერთობა, ყველას მივესალმებით. ჩვენ არავის ვაძალებთ, არც ბაიდენს ჩამოვკიდებივართ მაშინ კისერზე, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობა გააუქმა. ვისაც უნდა ჩვენთან მეგობრობა, ყველა ხედავს, რომ ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი პარტნიორი.

მაშინ, როდესაც ამერიკას მთელი ევროპა დაემალა ავღანეთში, აი, დღეს რომ მჯიღს ირტყამენ ბალტიის ქვეყნები და ათი და ოცი კაცი რომ ჰყავდათ ავღანეთში, ჩვენ გვყავდა 1000 ჯარისკაცი ავღანეთში. ასე რომ ყველამ კარგად იცის – პარტნიორს თუ ეძებს, ყველაზე სანდო და კეთილსინდისიერი პარტნიორები ვართ ქართველები.

ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ, მათ შორის, იმ პროექტით, რასაც „ტრამპ თაუერი“ ჰქვია.

როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ამ რეგიონში საკუთარი სახელის წარმოჩენას ცდილობს, ესეც არის ის გზავნილი, რომელიც ამ დინამიკას ადასტურებს. რაც შეეხება კომუნიკაციას, იცით, რომ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბარი. არის უწყებებს შორის კომუნიკაცია.

მზად ვართ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის. როგორც კი მზაობა იქნება აშშ-ის მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.