თამარ კიკნაძე: „ევროპის მიზანმიმართული დასუსტება მიმდინარეობს, რათა ის ე. წ. ნახევრადპერიფერიულ ქვეყნებს შეუერთდეს და თავად იქცეს ექსპლუატაციის საგნად“

12

„ევროპის მიზანმიმართული დასუსტება მიმდინარეობს, რათა ის ე.წ. ნახევრადპერიფერიულ ქვეყნებს შეუერთდეს და თავად იქცეს ექსპლუატაციის საგნად“, – ამის შესახებ პროფესორმა, თამარ კიკნაძემ განაცხადა.

„ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რეალურად არ არის მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინა არის პროქსი ქვეყანა, რომლის უკანაც დგას დასავლეთი – განსაკუთრებით გაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი). ომის მსვლელობა აჩვენებს, რომ ისეთ ფაზაშია შესული, სადაც უკრაინელები სამხედრო თვალსაზრისით ვეღარ იგებენ. რუსეთთან წინააღმდეგობა ევროპისთვის ეგზისტენციალური საკითხია, მაგრამ საქმე ისაა, რომ პარალელურად მრავალგანზომილებიანი პროცესები მიმდინარეობს. ყველა ის პროცესი, რაც დღეს გლობალურ დონეზე ვითარდება – განსაკუთრებით შესამჩნევია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის, ასევე ინგლისსა და ევროპის ურთიერთობებში – მიმართულია ევროპის დასასუსტებლად.

არაერთხელ მითქვამს, რომ ევროპის კეთილდღეობის სახელმწიფოები ძირითადად ორ საბაზისო ელემენტზე იდგა: პირველი – იაფი ენერგორესურსები, და მეორე – ნატოს უსაფრთხოების ქოლგა. დღეს ორივეს სერიოზული საფრთხე ექმნება. ვნახეთ, მაგალითად, მარტა კოსის განცხადება, რომელმაც ევროპელებს ტრამპთან და „მაგას“ მოძრაობასთან კომუნიკაციაც კი აუკრძალა. ვის წარმოედგინა რამდენიმე წლის წინ, რომ ამერიკასა და ევროპას შორის მსგავსი ურთიერთობები იქნებოდა.

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჰორმუზის სრუტეში განვითარებული მოვლენებიც კი ევროპის დასუსტებასთან არის დაკავშირებული.

მიზნად დასახულია, რომ ევროპა გადავიდეს ე.წ. ნახევრადპერიფერიული ქვეყნების რიცხვში, ანუ თავად იქცეს ექსპლუატაციის საგნად და ეს პროცესი უკვე აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა თამარ კიკნაძემ.