„როგორც ჩანს, ევრობიუროკრატია სხვადასხვა გზებს ეძებს, რომ იმ თანხების შემოტანა და ღონისძიებებზე დახარჯვა შეძლოს, რომლებიც გამჭვირვალობის კანონის შემდეგ შეეზღუდა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, იოსებ ჯორბენაძემ ევროკავშირის მხარდაჭერით, სექტემბრის ბოლოსთვის დაანონსებული „კორძის“ კონცერტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ადამიანი პირველ რიგში საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას და არა – ქართულ საზოგადოებას. რაც შეეხება იმ შეურაცხმყოფელ ტექსტს, რომელიც ჩვენ გვესმოდა და გვესმის, ამით ისევ საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას. თუ მას პრეტენზია აქვს მუსიკოსობაზე, ხელოვნებაზე – მე მგონი, ეს ტექსტი ხელოვნებასთან ახლოს ვერ არის.
რაც შეეხება დაფინანსებას: თუ არ ვცდები, ეს კონცერტი გორში უნდა გაიმართოს. როგორც ვხედავთ, ევრობიუროკრატია კვლავ აგრძელებს მოქმედებას, ოღონდ ახლა უკვე სხვა ფორმით. რადიკალური მეთოდები არ გამოუვიდათ, ძალისმიერი არ გამოუვიდათ, არჩევნების გზით ამ ხელისუფლებას ვერ ცვლიან და ამიტომ ეძებენ რაღაც ხვრელებს, თუ როგორ შეიძლება დარჩნენ ამ პოლიტიკური მოვლენების ზედაპირზე. ეს ღონისძიებაც სავარაუდოდ ერთ-ერთი იქნება იმ ჩამონათვალიდან, როგორიც, მაგალითად, ბახმაროში ვიხილეთ – იქაც დაახლოებით იგივე ხდებოდა. ვნახოთ, შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა – არსებობს ეჭვი, რომ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი და დაველოდოთ, რას გამოიკვეთს აუდიტის სამსახური – ის თავის სიტყვას იტყვის.
როგორც ჩანს, ევრობიუროკრატია სხვადასხვა გზებს ეძებს, რომ იმ თანხების შემოტანა და ღონისძიებებზე დახარჯვა შეძლოს, რომლებიც გამჭვირვალობის კანონის შემდეგ შეეზღუდა. რადგან პირდაპირ ვეღარ აფინანსებენ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, ჯგუფებსა და ინდივიდებს, ახლა შემოვლით გზებს ეძებენ“, – განაცხადა იოსებ ჯორბენაძემ.


