ნიკოლოზ სამხარაძე ნიკა გვარამიას განცხადების შესახებ: “მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ, რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი იმაზე, რომ ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს”

15

„რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის განცხადებები მიუღებელია – იმიტომ, რომ ეს, ერთი მხრივ, დამატებით საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტერესებს და სუვერენიტეტს, და მეორე – ხელოვნურად შეიძლება იყოს ახალი დაპირისპირებისა და დაძაბულობის საგანი”, – ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებას.

“მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ, რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი იმაზე, რომ ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს.

ვფიქრობ, რომ ეს არის ხელოვნური მცდელობა, რომ ურთიერთობები დაიძაბოს. იცით, რომ ჩვენ გაცხადებული გვაქვს სამშვიდობო პოლიტიკა. ეს არის მცდელობა, ამ შერიგების პოლიტიკაში ხინჯი შეიტანონ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკა გვარამიას ვრცელი წერილით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა.

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას“, – წერს კირცხალია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, იუთუბ გადაცემაში სტუმრობისას ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ გააჩნიათ და წარსულის მოვლენების გამო მხარეებს შორის ურთიერთზიზღი და მტრობა ბუნებრივად არის განპირობებული.