მაკა ბოჭორიშვილი: “საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირთან ურთიერთობები ემოციური საკითხია და მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს ისტორიასა და საქართველოს მრავალწლიან მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის ნაწილი”

49

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში. პანელურ დისკუსიაზე, სახელწოდებით „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი“, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა.

“როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური თვალსაზრისითაც იზრდება, რაც საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ამ კონტექსტში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მრავალწლიან პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება.

“საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ეგიდით წარმოებულ მისიებში. ჩვენ ვამაყობთ ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული პარტნიორობით”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს როლზე ისაუბრა – „საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.