პოლიტიკა

„ევროპის საბჭოს მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან პარტნიორულ ურთიერთობებს უფრო მეტად ასუსტებს, ვიდრე აძლიერებს“ – გიორგი ქაჯაია ბახმაროში გამართულ შეხვედრაზე

„ევროპის საბჭოს მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან პარტნიორულ ურთიერთობებს უფრო მეტად ასუსტებს, ვიდრე აძლიერებს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ ბახმაროში გამართულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.

„პირველ რიგში, როდესაც დიალოგზე ვსაუბრობთ, გაუგებარია, რა შუაშია არმაზ ახვლედიანი. ვინაიდან ეს ფინანსები თუ გრანტი, რომელიც სახელმწიფოს გვერდის ავლით გადაეცა ამა თუ იმ ორგანიზაციას, კანონდარღვევაა. თუ კანონდარღვევა არ არის, როგორც ვიცი, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა პასუხი მოსთხოვა ევროპის საბჭოს – საიდან გაჩნდა ეს გრანტი და დახმარება კონკრეტულად არმაზ ახვლედიანის სკოლისთვის? ჯერჯერობით ამაზე საზოგადოებას პასუხი არ მიუღია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კანონის გვერდის ავლას ჰქონდა ადგილი.

ჩვენს ქვეყანაში არსებობს „გრანტების შესახებ“ კანონი, რომელიც სახელმწიფოსგან ყველა შემოსულ გრანტზე თანხმობის მოთხოვნას ითვალისწინებს. თუ სახელმწიფო ჩათვლის რელევანტურად, რომ ესა თუ ის გრანტი ამა თუ იმ ორგანიზაციაზე გაიცეს, ამაში არანაირი პრობლემა არ არის და სამოქალაქო სექტორი შეზღუდული არ არის. თუმცა ამ შემთხვევაში ასეთი რამ არ მომხდარა. შესაბამისად, სახელმწიფომ მყისიერად იმოქმედა და, როგორც ვიცით, აუდიტის სამსახურმა დაიწყო დოკუმენტაციის შესწავლა, თუ როგორ გაჩნდა ეს ფინანსები კონკრეტულ სკოლაში.

ბატონი ახვლედიანი გამოირჩევა ანტაგონისტური დამოკიდებულებით ხელისუფლების მიმართ და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესების თავისებური ხედვა გააჩნია. ძირითადად ამ ადამიანს ვხედავთ ჩართულს რადიკალური ოპოზიციის წიაღში, იმიტომ რომ ჯერ არ ყოფილა აქცია, გამოსვლა თუ რადიკალური ჯგუფების თავშეყრა, რომ ეს ადამიანი დაკლებოდა. შესაბამისად, როდესაც საუბარია დიალოგზე, უნდა ითქვას, რომ მისი პოლიტიკური ცხოვრება და პოლიტიკური დღის წესრიგი დიალოგისაგან სრულიად დაცლილია. საუბრობდე ერთზე, განზრახული გქონდეს მეორე და აკეთებდე მესამეს – ეს, რასაკვირველია, საზოგადოების განსჯისა და შეფასების საგანია.

ყოველ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან პარტნიორულ ურთიერთობებს უფრო მეტად ასუსტებს, ვიდრე აძლიერებს“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.