„როდესაც ეს კონგლომერატი და დესტრუქციული პოლიტიკური ძალები წარსულს ჩაბარდებიან, ვფიქრობ, ახალი თაობისა და გამოცდილი ძალების მეშვეობით ჯანსაღი ოპოზიცია ჩამოყალიბდება. შედეგად, შეიქმნება კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცეული ძალა, რომელიც ხელისუფლებასთან კონკურენტულ გარემოში იმოქმედებს. მჯერა, რომ 2028 წლის არჩევნებისთვის ჩვენს ქვეყანას ზუსტად ასეთი ოპოზიცია ეყოლება“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ რადიკალური პარტიების აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა.
„პირველ რიგში, საზოგადოებისთვის რომ გასაგები იყოს, დაახლოებით 4 წლის განმავლობაში ოპოზიციას 5 რევოლუციური სცენარი ჰქონდა. ამ ოპოზიციას მთლიანად „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ მივაკუთვნებთ, გამომდინარე იქიდან, რომ მესიჯბოქსი, დღის წესრიგი და გარე აქტორების დავალებების შესრულება ერთი ხელწერით ხორციელდებოდა. ეს არის ოპოზიციური ფლანგი, რომლებმაც, როცა 2024 წლის არჩევნების შემდგომ საწადელს ვერ მიაღწიეს, საკანონდებლო ორგანოს შტურმით აღება დაანონსეს და, ფაქტობრივად, რომ არა სპეცსამსახურების ეფექტური მუშაობა, მიზანსაც მიაღწევდნენ. რევანშით უნდოდათ ხელისუფლების დამხობა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება.
ეს ყველაფერი რომ არ გამოუვიდათ, გვახსოვს, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველებმა ჩხრეკები ჩაატარეს მათ ოფისებში. ის პიროტექნიკა, რომელიც საზოგადოებამ შემდგომ ტელევიზიების მეშვეობით იხილა, კონკრეტული ოპოზიციური ფლანგის ოფისებიდან იყო ამოღებული – ვგულისხმობ „ახალის“ ოფისს, ახალგაზრდული „ნაცმოძრაობის“ ოფისს და ა.შ. ასევე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში ჩატარდა ჩხრეკა და იქიდანაც ამოიღეს პიროტექნიკა.
ეს ფაქტი არ დაუგმია არცერთ ოპოზიციონერს, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისთვის იღწვის, და არც ევროკავშირის არცერთ წარმომადგენელს. უფრო მეტიც – ის ადამიანები, რომლებიც საკანონდებლო ორგანოს და სხვადასხვა სახელმწიფო შენობებს პიროტექნიკას ესროდნენ და წესრიგის დასაცავად მდგარ პოლიციელებს აზიანებდნენ, ოპოზიციონერებმა და ჩვენმა „უფროსმა ძმებმა“, რომლებიც ბრიუსელის კაბინეტებში არიან მოკალათებულები, სინდისის პატიმრებად და მშვიდობიან დემონსტრანტებად მოგვინათლეს.
სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, კვლავ ეფექტური, მყისიერი მიდგომები გამოიყენა და მიმართა სასამართლოს, რომელიც, მოგეხსენებათ, პოლიტიკისგან სრულიად დაცლილია. საკონსტიტუციო სასამართლოს ბევრი მტკიცებულება ექნება და ვფიქრობ, რომ დროულად იმსჯელებს ამ პარტიების აკრძალვა-არაკრძალვაზე.
როდესაც ეს კონგლომერატი და დესტრუქციული პოლიტიკური ძალები აღარ იქნებიან, ვფიქრობ, მოვა დრო, როდესაც შესაძლებელი იქნება ახალი თაობის ადამიანებისა და გამოცდილი კადრების ძალებით ჩამოყალიბდეს ახალი ოპოზიცია. ერთობლივად შეიქმნება კონსტიტუციის ჩარჩოებში მოქცეული ძალა, რომელიც ხელისუფლებასთან კონკურენტულ გარემოში იქნება. რასაკვირველია, დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპიც ესაა – ხელისუფლებას ჰყავდეს რაც შეიძლება ძლიერი ოპოზიცია, რომელიც უზრუნველყოფს დაბალანსების პოლიტიკას ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ვიმედოვნებ, რომ 2028 წლის არჩევნებისთვის ასეთი ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ეყოლება“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.


