„არანაირი ალიანსი არ არსებობს – ეს ფურცელზე დაწერილი, მოჩვენებითი ერთობაა, რომელიც რეალურად არ შედგა, იმიტომ რომ ერთმანეთთან არანაირი იდეოლოგიური თანხვედრა არ აქვთ“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს ადამიანები, მართალია, ერთი ადამიანის „შვილობილები“ და მისი წიაღიდან წამოსულები არიან – ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს. რატომ ეძახის ხალხი მათ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“? – იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ფლანგად გაიყო, მაგრამ ვინ-ვინ და ხალხი პოლიტიკურად ბრძენია და კარგად ხვდება, ვისთან და რასთან აქვს საქმე. ასე რომ, რამდენიც უნდა ეცადონ და რა პარტიაც არ უნდა შექმნან, თავიანთი წარსული და ცოდვები, რა თქმა უნდა, თან გაჰყვებათ.
ამ ადამიანებს ერთმანეთის ატანა არ აქვთ, თუმცა სოციალურ ქსელებში, ტელევიზიებში, მათივე თათბირებსა და შეხვედრებზე ვხედავთ, რომ ერთადერთი რამე ამოძრავებთ – ეს არის რევანშისტული გზით, სახელმწიფოს დამხობით ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება. ღვთის წყალობით, ეს აქამდე არ გამოუვიდათ და იმედია, მომავალშიც არ გამოუვათ.
გახსოვთ ალიანსი, მარტისა და აპრილის თვეებში რომ შეიქმნა? მე მაშინვე ვთქვი, რომ ეს ალიანსი დიდხანს ვერ იარსებებდა და ვხედავთ კიდეც, რომ ჩემი ნათქვამი გამართლდა. სინამდვილეში, არანაირი ალიანსი არ არსებობს – ეს ფურცელზე დაწერილი, მოჩვენებითი ერთობაა, რომელიც რეალურად არ შედგა, იმიტომ რომ ერთმანეთთან არანაირი იდეოლოგიური თანხვედრა არ აქვთ“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.


