„მივიჩნევ, რომ კანონი, პირიქით, გასამკაცრებელია — ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, თუმცა ეს კანონი ძალიან ეფექტურად მუშაობს დღესაც“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ FARA-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფარას“ კანონს თავის დროზე უსაფრთხოების ინსტრუმენტს უწოდებდნენ, ვინაიდან მათ უნდა გაეკონტროლებინათ ყველა შემოსული დაფინანსება და ყველა ის პირი, რომელიც უცხოურ დაფინანსებაზე იყო. ანალოგიური, ქართულ რეალობაზე მორგებული კანონი მიიღო ჩვენმა ხელისუფლებამაც. შემდგომში, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და ოპოზიციურმა პარტიამ – ვინაიდან მიხვდნენ, რომ დაფინანსების წყაროების გასაჯაროება მოუწევდათ – ხალხი შეცდომაში შეიყვანა და რამდენიმე თვის განმავლობაში პარლამენტის წინ „რუსული კანონი“ აძახებინა.
ამის შემდეგ, როდესაც დაიდო მტკიცებულებები, რომ ეს არანაირ რუსულ კანონს არ წარმოადგენს და ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგია, უკან დაიხიეს და გადაწყვიტეს, სხვადასხვა თემით სპეკულირებით ეს საკითხი მიეჩქმალათ.
რაც შეეხება ამერიკული „ფარას“ გამკაცრებას, მე მივესალმები, რომ საქართველოშიც გამკაცრდეს ეს კანონი, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რა თანხები შემოდის ქვეყანაში. თუ ვინმე არ მიესალმება იმ კანონს, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ეს ძალიან ცუდია. მივიჩნევ, რომ კანონი, პირიქით, გასამკაცრებელია – ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, თუმცა ეს კანონი ძალიან ეფექტურად მუშაობს დღესაც“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.


