გურამ მაჭარაშვილი პრემიერის გაეროში ვიზიტზე: „დღევანდელ რეალობაში მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოსთან მიმართებაში აღიარებისა და თანამშრომლობის პოლიტიკა სრულიად შეცვლილია“

14

„დღევანდელ რეალობაში მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოსთან მიმართებაში აღიარებისა და თანამშრომლობის პოლიტიკა სრულიად შეცვლილია“, ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა პრემიერ მინისტრის გაეროში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში, შევახსენებ საზოგადოებას – თუმცა საზოგადოება ისედაც ძალიან კარგად ხვდება – რომ დღევანდელ მსოფლიოში უკვე აბსოლუტურად შეცვლილია ურთიერთობები და აღიარება-არაღიარების პოლიტიკა. გამომდინარე აქედანაც ჩანს, რომ, მაგალითად, მარკო რუბიო კაია კალასს არ აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან მაღალი თანამდებობის პირია. თვითონ ტრამპიც, შეიძლება პირდაპირ ითქვას, არ აღიარებს ევროკავშირის პოლიტიკას. გამოვიდა ვიცე-პრეზიდენტი ევროპაში, კონფერენციაზე და პირდაპირ უთხრა ევროპელებს: თქვენი პრობლემა რუსეთი და ჩინეთი კი არა, თქვენი ევრობიუროკრატიააო. ანუ, პირდაპირ ომია გამოცხადებული ამერიკასა და ევროკავშირს შორის. რა გამოდის, ერთმანეთს არ აღიარებენ, სავაჭრო ურთიერთობები აღარ აქვთ თუ ეკონომიკასა და პოლიტიკაში არ მონაწილეობენ?!

რა გასაკვირია, რომ მსგავსი პოლიტიკა ჰქონდეს საქართველოსთან მიმართებითაც იმ ევრობიუროკრატიას, რომელსაც არ დავემორჩილეთ, არ დავემონეთ და სუვერენიტეტი არ ჩავაბარეთ? როგორც ახლა ღიად საუბრობენ (სამი-ოთხი წლის წინ შეფარულად ამბობდნენ), ვინც ევროკავშირში შემოვა, სუვერენიტეტის გარეშე შემოვაო, ხოლო ვინც დღეს იქ არის და ვისაც ვეტოს უფლება აქვს, იმათაც კი აშინებენ. უნგრეთი ამის კლასიკური მაგალითია: რადგან ჰქონდათ ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის კანონი, თანხები გაუჩერეს და იმხელა ზეწოლა მოახდინეს, რომ სამწუხაროდ, როგორც ვიცით, აუქმებენ ახლა იმ კანონს, რომელიც რეალურად იცავს საზოგადოებას. ამ დონეზე ერევიან თავისივე წევრი ქვეყნების საქმეებში, ხოლო ახალ ქვეყნებს, რომლებიც თეორიულად მოისურვებენ იქ შესვლას, ეუბნებიან: სუვერენიტეტი ჩაგვაბარე და ისე შემოდიო.

ვიცით, რომ დღეს შედგა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროში იმყოფება, იქ მოხსენებით გამოვიდა და ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები – მათ შორის, შეხვდა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნასიო კასისს.

„ხალხის ძალას“ არაერთხელ გვითქვამს, რომ დადგება დრო, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში ინტერესი გაჩნდება და ეს დრო უკვე დადგა. ინტერესი მხოლოდ ჩვენი მხრიდან კი არ არის, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე მივიღოთ მონაწილეობა და პარტნიორული ურთიერთობები გვქონდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ამერიკასთან, აზიასთან და ასე შემდეგ, არამედ ეს მათი ინტერესიცაა.

აი, ამ ევრობიუროკრატიას და აქაურ, მათ აგენტურას სწორედ ეს აწუხებთ. ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამ: მათი ინტერესი საქართველო კი არ არის, არამედ საქართველოს ტერიტორიაა და არა საქართველოს იდენტობა, ეროვნული ხელისუფლების ყოლა და ა.შ. მაგალითად, ჩინეთი თუ გაივლის საქართველოზე და შემდეგ ევროპაში გაიტანს ტვირთს, ამას ევრობიუროკრატიასთან ეროვნული ხელისუფლება კი არ უნდა ელაპარაკოს – ჩინეთს საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ პირდაპირ ევრობიუროკრატიას ელაპარაკოს და არა საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებას. აი, ეს უნდოდათ, ძალიან მარტივი მექანიზმია.

თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ შეხვედრებიც არის და მომავალშიც იქნება, რადგან ამის საჭიროება არსებობს. ჩვენ სწორედ იმიტომ შევინარჩუნეთ სუვერენიტეტი და ეს შეხვედრებიც ამიტომ გახდა საჭირო, თორემ შენი ხასიათი რომ არ გამოგევლინე და შენი ღირსება არ დაიცავი, შეიძლება თავად კი არ შეგხვდნენ, არამედ თანაშემწე გამოაგზვნონ, როგორც ამას რამდენიმე წლის წინ აკეთებდნენ.

ამიტომ არავითარ იზოლაციაზე საუბარი არ არის – დღევანდელ რეალობაში მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოსთან მიმართებაში აღიარებისა და თანამშრომლობის პოლიტიკა სრულიად შეცვლილია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.