„ევროკავშირის ბიუროკრატია დღეს სწორედ იმას ებრძვის, რის დასაცავადაც თავის დროზე შეიქმნა. ხომ წარმოუდგენელია, როცა ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოების დაცვას, პარტნიორობასა და სიტყვის თავისუფლებას უნდა ემსახურებოდეს, სინამდვილეში გეუბნება: ჩემთან შემოსასვლელად სუვერენიტეტის გასაღები მე უნდა ჩამაბაროო! სადღაა აქ აზრისა და სიტყვის თავისუფლების პატივისცემა?!“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბელგიის სამეფოში ძალიან წარმატებული იქნება. მინიმუმ, ბატონი შალვა იქ თავის სათქმელს იტყვის და მორიგ ჯერზე დამტკიცდება, თუ რა არის საქართველოსა და ჩვენი საზოგადოების ნება: ვინც აფასებს სუვერენიტეტს, მასთან გვექნება პარტნიორული ურთიერთობები.
დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგაც გაგრძელდება მსგავსი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, თუმცა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა მაინც გრძელდება – სამწუხაროდ, ბრიუსელიდან, იგივე ევრობიუროკრატიიდან, რასაც „დიფსთეითი“, ანუ „გლობალური ომის პარტია“ ჰქვია. ეს ბრძოლა სხვადასხვა მეთოდით გრძელდება – მათ შორის, დაფინანსებებისა და იდეოლოგიის დონეზე. ანუ, არ შეჩერებულა – შეიძლება, მასშტაბები აღარ არის ისეთი, როგორიც 2-3 წლის წინ იყო, მაგრამ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ რამდენიმე თვეში ან წელიწადში არ გაზრდიან. ეს პროცესი შეჩერებული არ არის. ამაზე მეტყველებს თუნდაც ერთ-ერთი „ვითომ მომღერლის“ დაფინანსება, რომელსაც კონცერტს უწყობენ – ადამიანს, რომელმაც, ვიცით, რომ მილიონობით მოქალაქე შეურაცხყო. აქ არც პოლიტიკურ გემოვნებაზეა საუბარი და არც არაფერზე. სად არის ამ შემთხვევაში ევროპული ღირებულებები?!
რეალურად, ევროკავშირის ბიუროკრატია ებრძვის იმას, რის დასაცავადაც თავის დროზე შეიქმნა. ევროკავშირი ხომ იმისთვის შეიქმნა, რომ იქ გაერთიანებული სახელმწიფოები დაცულები ყოფილიყვნენ, დაცულიყო მათი უფლებები, სუვერენიტეტი და ა.შ. ევროკავშირის შექმნის იდეაც ეს იყო – ყოფილიყო პარტნიორული ურთიერთობები, სიტყვისა და აზრის თავისუფლების პატივისცემა. სად არის აქ სიტყვისა და აზრის თავისუფლების პატივისცემა, როდესაც პირდაპირ გეუბნებიან: ჩემთან რომ შემოხვალ, სუვერენიტეტის გასაღები მე ჩამაბარეო?!“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილი.


