იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, – განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა გურამ ოქროპირიძემ.
მისი განმარტებით, ყველა ბაღს აქვს დეზინფექციის დეტალური პროტოკოლი.
„ყველა ბაღს აქვს დეტალური ინფორმაცია, პროტოკოლი, როგორ უნდა იმოქმედოს, რა ტიპის დეზინფექცია გააკეთოს და როგორ უნდა გაამკაცროს კონტროლი“, – აღნიშნა გურამ ოქროპირიძემ.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო კომპლექსურ მოკვლევას აგრძელებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით. ასევე, ცენტრის განმარტებით, თბილისის ბაგა-ბაღებში დაფიქსირებული შემთხვევების ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო.


