ვაჟა ყულიჯანიშვილი: “დაკვირვებისთვის ვიყენებთ აბასთუმნის სამხრეთის ცას. 2007-ში, როცა ილიას უნივერსიტეტთან მიგვაერთეს, გიგი თევზაძეს ვესაუბრეთ – ფრენები გადაწეულიყო. ახლა არ დამდგარა ეს საკითხი – იმატა ფრენებმა, რაც საგანგაშო მდგომარეობას გვიქმნიდა”

7

“50 წელზე მეტია, ვაკვირდები მზეს. ჩვენ ძირითადად ვიყენებთ სამხერთის ცას, ანუ ზუსტად იმ ნაწილს, აქედან სამხრეთით. მე დაკვირვებებს ვიწყებდი დილის 10 საათიდან და გრძელდებოდა 3 საათამდე, მაგრამ როცა ექსპოზიციას ვაძლევდი, პატარა ღრუბელი უკვე ხელს მიშლიდა და თუ შევწყვეტდი და სერია შემიწყდებოდა, ის დაკვირვება აღარ ვარგოდა”, – განაცხადა ასტროფიზიკოსმა ვაჟა ყულიჯანიშვილმა აბასთუმნის თავზე ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას.

“იყო შემთხვევები, როცა ორი თვითმფრინავი, ასე, 12 საათის პერიოდში გაივლიდა და ტოვებდა თეთრ კვალს.

ჯერ კიდევ 2007 წელს, როცა ილიას უნივერსიტეტთან მიგვაერთეს, ბატონ გიგი თევზაძესთან გვქონდა ამ საკითხზე საუბარი, რომ როგორღაც, ეს ფრენები ცოტა იქით გადაწეულიყო. ღამე არ იყო ამდენი ფრენები, მარტო დღე ტოვებდა ასე [კვალს], ორად ორი თვითმფრინავი იყო იმ პერიოდში, 2010-მდე.

დღეის მონაცემებით, ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა როგორც ღამის, ისე დღის ფრენები, რაც საგანგაშო მდგომარეობას გვიქმნიდა და ჩვენი მოთხოვნა იყო, პირველ რიგში, ის, რომ ეს ფრენები გადაწეულიყო რაც შეიძლება სამხრეთისკენ. ზუსტად ამ ნაწილში ხდებოდა [ფრენები], ახლა რასაც ვუყურებთ, და ეს ნაწილი არის ყველაზე გამოსაყენებელი ასტრონომებისათვის, როგორც ვარსკვლავთსპეციალისტები იყენებენ ცის ამ ნაწილს, ასევე ვიყენებთ დღის დამკვირვებლები, ანუ ჰელიოფიზიკოსებიც.

ასე რომ, ეს ჩვენი მოთხოვნა იყო, ახლა არ დამდგარა ეს საკითხი; ახლა, უბრალოდ, იმატა ასეთი ფრენების რიცხვმა ბოლო პერიოდში, რამაც, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ძალიან შეგვაწუხა”, – განაცხადა ვაჟა ყულიჯანიშვილმა.