გიორგი სოსიაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: „ჩვენ მათ ვერ დავარქმევთ ოპოზიციას, ეს არის მეხუთე კოლონა, რადიკალები, რომელთა მიზანიც არის ქვეყნის დამხობა, კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფა და სახელმწიფო გადატრიალება“

16

„ჩვენ მათ ვერ დავარქმევთ ოპოზიციას, ეს არის მეხუთე კოლონა, ესენი არიან რადიკალები, რომელთა მიზანიც არის ქვეყნის დამხობა, კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფა და სახელმწიფო გადატრიალება“, ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„არანაირ კონსტრუქციულ დიალოგს მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, რომ რაიმე იდეა შეეთავაზებინათ საზოგადოებისთვის, პროგრამა ჩამოეყალიბებინათ და რაიმე იდეის გარშემო გაერთიანებულიყვნენ.

ეს ადამიანები გააერთიანა ერთმა მიზეზმა – ეს არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება და თავიანთი პატრონების დავალებების შესრულება. იმ პატრონებისა, რომლებიც წლების განმავლობაში მათ აფინანსებდნენ. წლების განმავლობაში შემოდიოდა საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობით თანხა, რომელიც პირდაპირ მათ ჯიბეებში მიედინებოდა. ამ დაფინანსების მთავარი მიზანი იყო, ეს ხალხი თავის ნებაზე გამოეყენებინათ. მთელი აგენტურული ქსელი იყო შექმნილი თავისი არასამთავრობო ორგანიზაციებითა და პოლიტიკური პარტიებით, აი ამ ქსელში ხდებოდა შემოდინება ამ თანხების და სხვადასხვა ფსევდოპროექტით იყო ეს ყველაფერი შეფუთული.

როდესაც ჩვენ დავიწყეთ გამჭვირვალობის კანონზე მუშაობა, რათა ყველას ხელისგულზე ჰქონოდა, თუ რა დაფინანსების წყაროები არსებობდა, ვის ხმარდებოდა და რას ხმარდებოდა, ვიხილეთ ის, რომ ამ აგენტურამ იხუვლა, გამოეფინა რუსთაველზე და დაიწყო რაღაც რუსულ კანონზე საუბარი. მათი მიზანი იყო, საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში და ეს კანონი უკან გაგვეწვია.

გაურკვეველია, თუ მართალია ადამიანი ან ორგანიზაცია, თუ კეთილსინდისიერად მუშაობს და კეთილსინდისიერად ხმარდება ეს თანხა სხვადასხვა სასიკეთო პროექტს, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმ დეკლარაციის შევსებას?!

გარდა ამისა, მათ სხვა მიზნებიც ამოძრავებდათ – სახელმწიფოს გადატრიალება მოეხდინათ. გვახსოვს მთელი რიგი ღონისძიებები, თავდასხმები სახელმწიფო ინსტიტუტებზე: ლამის გადაწვეს დედაქალაქი და პიროტექნიკით პირდაპირ იერიში მიჰქონდათ ჩვენს გმირ პოლიციელებზე, რომლებიც იქ იდგნენ და წესრიგს იცავდნენ.

ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მაშინ არ დაიჩოქა, იყო ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის სიმტკიცე, ჩვენი პოლიციელებისა და ძალოვან უწყებებში მომსახურე ადამიანების ძალისხმევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა სრული ქაოსი“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.