გიორგი სოსიაშვილი „კორძის“ კონცერტის დაფინანსებაზე: „ეს არის მავნებლობა – მავნებლობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“

12

„ეს არის მავნებლობა – მავნებლობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „კორძის“ კონცერტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„დააფინანსეს იმ ადამიანის კონცერტი, რომელიც პრაქტიკულად ჩვენი მოსახლეობის ნახევარს აგინებდა. წარმოდგინეთ, რომ ევროკავშირის ელჩის სამშობლოში ჩვენმა საელჩომ რადიკალების კლიპის შემქმნელის, რადიკალების ტექსტების შემქმნელის, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისა და ქვეყნის მაგინებელი ადამიანის კონცერტი დააფინანსოს — მაშინ რა ჭკუაზე დადგებიან და რას იტყვიან, საინტერესოა! ჯერ ამას საქართველოს საელჩო არ იკადრებს. ისინი კი გამოდიან და აფინანსებენ იმ ადამიანის კონცერტს, ვინც ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს ლანძღავდა და აგინებდა. ვიღაც კორძს აფინანსებენ ქვეყანაში, სადაც უმრავი ნიჭიერი, წარმოსაჩენი ახალგაზრდა გვყავს — ხომ შეიძლებოდა, რომელიმე მათგანი დაეფინანსებინა ამ ელჩს?!

პირდაპირ კანონის გვერდის ავლით ხდება რაღაცების დაფინანსება და ეს ნაბიჯები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გადადგმული. რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი, რომელი ქართველი მოიწონებს ამას?! ვნახეთ ჩვენ, მან პასუხიც არ გასცა ჟურნალისტების კითხვებს და გაექცა პასუხს, იმიტომ რომ ეს არის მავნებლობა – მავნებლობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.