„ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ველი — ჩვენი ტრადიციებიდან და დიდი ისტორიიდან გამომდინარე — უნდა გათავისუფლდეს აგენტურისაგან. როცა აგენტურა აღარ იქნება პოლიტიკურ ველზე, ქვეყანა დაუბრუნდება ჯანსაღ ცხოვრებას და დამშვიდდება“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა რადიკალური პარტიების აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ველი – ჩვენი ტრადიციებიდან და დიდი ისტორიიდან გამომდინარე – უნდა გათავისუფლდეს აგენტურისაგან. როცა აგენტურა აღარ იქნება პოლიტიკურ ველზე, ქვეყანა დაუბრუნდება ჯანსაღ ცხოვრებას და დამშვიდდება. ხოლო ვის არ აწყობს დამშვიდება? იმ ადამიანებს, რომლებსაც აწყობთ ქვეყანაში არეულობა, რათა ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭირონ. ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ აგენტურის გაშიშვლებისა და მათი დასრულების პროცესი კარგა ხანია დაწყებულია, ბოლო დღეებს ითვლიან, იმიტომ რომ მათ პოლიტიკურ ველზე პრაქტიკულად ადგილი აღარ აქვთ. ამიტომ არიან აგონიაში და სამწუხაროა, რომ ჩვენს ისტორიაში ისინი დარჩებიან როგორც საკუთარი სამშობლოს მტრები. დარწმუნებული ვარ, ასეთ პერიოდს ჩვენი ქვეყანა აღარ გაივლის და ეს მწარე მაგალითი იქნება ჩვენთვის.
რაც შეეხება რადიკალების აკრძალვას, ღმერთმა დაგვიფაროს, ქვეყანაში რომ აღარ იყოს ოპოზიცია – ჯანსაღი ოპონირების გარეშე ქვეყანა ვერ აშენდება. მაგრამ აქ საუბარია აგენტურის აკრძალვაზე, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის გაყიდვას, ოღონდ დაფინანსება მიიღოს და ყველაფერზე ხელისმომწერია. ეს აღარ უნდა განმეორდეს და ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი – გაჯანსაღდეს პოლიტიკური ცხოვრება, პოლიტიკური ველი და ჯანსაღ ოპოზიციას მიეცეს ქვეყანაში მოქმედების შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.


