პოლიტიკა

„საქართველო აგრძელებს დიალოგს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან და აბსოლუტურად ყველა ფორმატს, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ყველა ის ჩვენი მთავარი ინტერესი, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდება, აუცილებლად დავიცვათ“ – ირაკლი შატაკიშვილი პრემიერის გაეროში ვიზიტზე

„საქართველო აგრძელებს დიალოგს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან და აბსოლუტურად ყველა ფორმატს, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ყველა ის ჩვენი მთავარი ინტერესი, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდება, აუცილებლად დავიცვათ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი შატაკიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაეროში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იმყოფება გაეროში და ხვალ აქვს გამოსვლა გენერალურ ასამბლეაზე, მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერებს იგი ყველა იმ პოზიციას, რომელიც ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. გარდა ამისა, დაგეგმილი აქვს შეხვედრები სხვა სახელმწიფოთა ლიდერებთან, პირველ პირებთან. ამ წლების განმავლობაში, რადიკალების მიერ შექმნილ მითს, თითქოს საქართველო მოქცეულია საერთაშორისო იზოლაციაში და ნდობა დაკარგულია, ეს ვიზიტი ანადგურებს და ანგრევს. საქართველო აგრძელებს დიალოგს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან და აბსოლუტურად ყველა ფორმატს, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ყველა ის ჩვენი მთავარი ინტერესი, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდება, აუცილებლად დავიცვათ.

უნდა ითქვას აუცილებლად, კიდევ რა თვალსაზრისით არის ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი: ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ასევე ნაურუს პრეზიდენტთან და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ნაურუ განეკუთვნებოდა იმ მცირე ქვეყნების ჩამონათვალს, ვინც, სამწუხაროდ, აღიარა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების დამოუკიდებლობა. თუმცა „ქართული ოცნების“, ჩვენი ხელისუფლების ძალიან თანმიმდევრულმა და სწორმა საერთაშორისო პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ნაურუმ გაიხმო ეს აღიარება და დღეს, რაც არის აღიარებული ნაურუს მიერ, ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია.

მაშინ, როდესაც ჩვენ ამ აღიარების პოლიტიკაზე კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, ვიყენებთ ყველა ტრიბუნასა და ყველა პლატფორმას ამ და კიდევ ბევრი ჩვენთვის საინტერესო და აუცილებელი პოზიციის გასაჟღერებლად, ამის პარალელურად რას ვხედავთ? ვხედავთ, რას აკეთებენ სააკაშვილები, გვარამიები, ბარამიძეები. ჩვენ შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე ვიდგეთ, იდეური და იდეოლოგიური განსხვავება გვქონდეს ერთმანეთისგან, მაგრამ სახელმწიფო გვაქვს ერთი. როდესაც სახელმწიფოს ინტერესია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, იმის დაბრალება, რომ ვიღაცას ვიღაც სძულს, ეზიზღება, მტერია და არ არსებობს რესურსი, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიული მთლიანობა დაიბრუნოს, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ჩვენ ამას ვპასუხობთ კონკრეტული, ძალიან პრაგმატული, მშვიდობაზე დაფუძნებული შიდა და საგარეო პოლიტიკით, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის გაძლიერებას“, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.