„უპირველეს ყოვლისა, მოხარული ვარ, რომ ხელმეორედ ვესტუმრე ლუქსემბურგს. ოთხი წლის წინ იყო ჩემი პირველი ვიზიტი ლუქსემბურგში და მიხარია, რომ ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციით ვიმყოფებით აქ”, – განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
“შევხვდით ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, კომიტეტის თავმჯდომარეებს.
ვისაუბრეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის, ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობებზე და, თავისთავად, ამ კონტექსტში ვისაუბრეთ ასევე ევროკავშირთან ურთიერთობებზე.
ისევე, როგორც ბელგიაში, ჩვენ აქაც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ ცალმხრივად შეეჩერებინა ინტეგრაციის პროცესი. ეს არ იყო სწორი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება, მეტიც – თავის დროზე, ამ გადაწყვეტილების მიზანი, ვფიქრობ, რომ იყო საქართველოს არჩევნებში ჩარევა და გავლენის მოხდენა.
თუმცა, ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის ამ მცდარ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ფაქტია და, მგონი, ეს არის ევროპულობა, რომ შეუძლებელია, კონფრონტაცია იყოს სწორი გზა.
ევროკავშირი დგას დიალოგზე, ევროკავშირი დგას სამართლიანობასა და დისკუსიაზე, და დღეს, როდესაც მისი ზოგიერთი ხელმძღვანელი ცდილობს, რომ ინტეგრაციის პროცესი კონფრონტაციის ინსტრუმენტად აქციოს, ეს არასწორია. ამიტომ, გვიხარია, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლების, პარლამენტის დამოკიდებულება, ამ მხრივ, ემთხვევა ჩვენს დამოკიდებულებას, რომ სამართლიანი მოპყრობა ეს არის მთავარი პრინციპი, რითაც უნდა სარგებლობდეს ევროკავშირის ინსტიტუტები, და რომ დიალოგი და საუბარი არის ერთადერთი სწორი გზა. კონფრონტაციაში პასუხები არასდროს არის, პასუხები ყოველთვის არის დისკუსიაში.
დღეს ბევრ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენს კოლეგებთან გვესაუბრა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.


