„სულ რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მან ყურადღება გაამახვილა იმ სამ საკითხზე, რომლებზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკებს.
„პირველი არის დეოკუპაცია, რომელიც გახლავთ ქვეყნის მთავარი გამოწვევა უსაფრთხოების კუთხით და აღინიშნება, რომ დეოკუპაცია, ტერიტორიების დაბრუნება უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, დიპლომატიის გამოყენებით. ასევე ხაზი გაესმება ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობას ამ მხრივ და ამ თვალსაზრისით. პრემიერს ექნება ასევე ლაპარაკი ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში არის 9.3% და არის რეგიონში უპრეცედენტო, ყველაზე მაღალი. პრემიერი ილაპარაკებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია. ის ასევე შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც სუვერენიტეტის პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო და შესაბამისად, პრემიერი ხაზს გაუსვამს, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველასთან, თუკი ეს თანამშრომლობა იქნება სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნებული“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.


