„საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს ჩინეთის სახელმწიფოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას“, – განცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ჩინეთში ვიზიტის შეჯამებისას.
როგორც მინისტრია მოადგილემ აღნიშნა, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას განსაკუთრებით უწყობს ხელს მაღალი დონის ვიზიტები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ორ სახელმწიფოს შორის ხორციელდება.
„გვქონდა შესაძლებლობა, მაღალი დონის შეხვედრები გაგვემართა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ტრანსპორტის მინისტრთან, ასევე კომერციის მინისტრის მოადგილესთან, სადაც თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმები და ის მნიშვნელოვანი პროექტები განვიხილეთ, სადაც მომავალში ორ ქვეყანას შეუძლია ითანამშრომლოს. ასევე შევთანხმდით გარკვეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, სადაც კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშავებთ. აღნიშნული შეეხება ვაჭრობის სფეროს გაძლიერებას, საქართველოდან იმ მნიშვნელოვანი პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას ჩინეთის ბაზარზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
როგორც გენადი არველაძემ განაცხადა, სამუშაო ჯგუფების შექმნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
„აღნიშნული სამუშაო ჯგუფი დააჩქარებს იმ პროცესებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა, როგორც ელექტრონულ პლატფორმაზე ჩინეთში ჩვენი პროდუქტების პოპულარიზაციას, ასევე სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობას და ბიზნესკონტაქტების დამყარებას სხვადასხვა სავაჭრო მისიის ორგანიზებით“, – განაცხადა არველაძემ.


