„ჩემთვის დიდი პატივია ამ ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლა საქართველოს სახელით – ქვეყნისა, რომლის იდენტობაც საუკუნოვანი ისტორიით, გამძლეობით და ცვალებად სამყაროსთან ურთიერთქმედების გზით ყალიბდებოდა. ჩვენ დღეს აქ ვიკრიბებით იმ დროს, როცა საერთაშორისო ვითარება მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
„მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებული მოვლენები ამჟამინდელ მდგომარეობას გამოწვევის წინაშე აყენებს და საერთაშორისო წესრიგის მომავალთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს. ამ ვითარებაში მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება კვლავაც უმთავრეს პრიორიტეტებად რჩება.
გლობალურ დონეზე მზარდი გამოწვევების ფონზე, კოორდინირებული რეაგირება საერთო დაბრკოლებებზე, კონფლიქტების პრევენცია და მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგში დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებით და ერთობლივ ქმედებაზე საერთო პასუხისმგებლობის აღებით. ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია; ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს“, – განაცხადა პრემიერმა.


