„ეს იყო ოპტიმალური გზავნილი, რომელიც შეიძლებოდა საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა მსოფლიოსთვის – რომ ისეთ არასტაბილურ და მერყევ არეალში, როგორიც კავკასიაა, საქართველო ინარჩუნებს სტაბილური განვითარების შესაძლებლობას და არის არა მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის, არამედ რეგიონის ინტერესთა თანხვედრის ადგილი“, – ასე შეაფასა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, შოთა თხელიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გაეროს ასამბლეაზე.
„კიდევ ერთი დადებითი მოვლენა, რაც მოხდა გაეროში ირაკლი კობახიძის ვიზიტისას, არის ის, რომ ჩვენ აღვადგინეთ დიპლომატიური ურთიერთობა ნაურუსთან, რომელმაც უკან წაიღო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არსებული სტაბილური გარემო არის გარანტირებული და ხანგრძლივვადიანი. ამ სტატუს-კვოს შენარჩუნებას სჭირდება საკმაო ძალისხმევა და ნებისყოფა, რომ ვითარება ერთ დღეში არ შეიცვალოს – რისკენაც დიდი დაინტერესება აქვთ ბევრ საერთაშორისო აქტორს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვესაზღვრებით ერთი მხრივ, კონფლიქტს რუსეთ-უკრაინას შორის, ხოლო მეორე მხრივ – ირან-შეერთებული შტატები-ისრაელის კონფლიქტს. ამიტომ რისკები და გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება.
ბოლო დღეებში მსგავსი ტიპის განცხადება გააკეთა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც და პირველად ახსენა, რომ ევროპის ვაჭრობის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება იქნება ახლო აღმოსავლეთით მიმავალი ე.წ. შუა დერეფნის პროექტი. მას არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნები იქნებიან ჩართული, თუმცა ყველასთვის (ვინც ამ დერეფანში მოიაზრება) ცხადია, რომ საქართველო ამ პროექტის ერთ-ერთი ცენტრალური სატრანზიტო რგოლია. ამიტომ, შეიძლება ახლო მომავალში გამოჩნდეს ნიშნები იმისა, რომ ბრიუსელმა დაიწყოს – მართალია, არა სისტემური რევიზია საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ რაღაც დონეზე მაინც – ურთიერთობების დათბობისკენ მიმართული გზავნილები“, – განაცხადა შოთა თხელიძემ.


