„ისინი [ოპოზიცია] არიან სამშობლოს მოღალატეები, არ იციან, სამშობლო რა არის“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს პატარა სოფლები უწოდა.
ირაკლი კირცხალიას თქმით, ოპოზიცია ყოველთვის კონკრეტული ძალების ინტერესებს ასრულებდა.
„ეს მხოლოდ სტატისტიკაა მათთვის და მეტი არაფერი – თითოეული დაღვრილი წვეთი სისხლი, თითოეული სიცოცხლე, თოთოეული დანგრეული ოჯახი, თითოეული მიტოვებული სახლ-კარი. რა უნდა ვთქვათ ადამიანებზე, რომლებმაც ყველაფერი აკეთეს ოკუპანტის სასარგებლოდ? ჩვენი ბიჭების სისხლი არ იყო გამშრალი, გლოვობდა ქვეყანა, როდესაც საზღვარ-საზღვარ დარბოდა და ტურისტებს ეზიდებოდა ჩვენს ქვეყანაში. გლოვა არ იყო დამთავრებული, ღალატის აქტი ახალი ჩადენილი იყო და გამოდიოდნენ და 80-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდეს რუსეთზე დამოკიდებულ კომპანიებს. მიზანი ერთია მათთვის, რომ როგორმე მობრუნდნენ და საბოლოოდ გაანადგურონ, გააქრონ ჩვენი ქვეყანა. ეს ის ხალხია, რომლისთვისაც ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკაა სიცოცხლე და ქვების გროვაა სოფლები და უკრაინას თურმე უნდა შევწირულიყავით მთელი ქვეყანა. თითოეული მათი განცხადება ემსახურება ერთს – აგენტურის დავალების შესრულება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.


