ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიზიტები, რომელთა საშუალებითაც პირველ პირებს რეალური ინფორმაცია მიეწოდებათ, ძალიან მნიშვნელოვანია.
„ნებისმიერი ვიზიტი, რომელიც არის შესაძლებლობა იმისა, რომ ობიექტური რეალობის შესახებ სიმართლე პირველ პირებს პირდაპირ მიაწოდო, არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ლუქსემბურგსა და ბელგიას, მათ საერთოდ არ იცოდნენ ის, რომ არაერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი იმყოფებოდა აქციაზე და ძალადობრივი აქციების დროს ეგზალტირებულ ხალხს სხვადასხვა ქმედებისკენ პირდაპირ მოუწოდებდა. ამიტომ ეს მათთვის იყო აბსოლუტური მოულოდნელობა, საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ და ძალიან გაოცებულები იყვნენ, როდესაც მოისმინეს, რომ თურმე ასეთი რამ მომხდარა, დიახ, ძალიან მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობით და მონაწილეობით.
ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენი სიმართლე და ობიექტური მოცემულობა მივიტანოთ ყველა იმ პირამდე, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებია.
რაც შეეხება ევროკავშირს, დარწმუნებული ვარ, იქაც კარგად გაიაზრებენ და მოუწევთ თვალის გასწორება იმ ყველაფრისთვის, რაც მათივე კვლევებით, ობიექტური საზომით არის დათვლადი და გაზომვადი. მე დარწმუნებული ვარ, ეს უბრალოდ, დროის საკითხია“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
დეპუტატის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან უფრო პოზიტიური სიგნალებია.
„რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, იქიდან უფრო პოზიტიური სიგნალებია. დღევანდელი ადმინისტრაცია ძალიან კარგად აცნობიერებს, მშვენივრად იცის, თუ რა იყო მათი წინამორბედების დროს გაკეთებული. ის სიგნალები და პოზიტიური ძვრები ძალიან დიდი იმედის მომცემია და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს მივესალმებით”, – აღნიშნა ლუდა ღუდუშაურმა.
ცნობისათვის, დღეს გამოქვეყნდა ევროკომისიის კვლევა, რომლის მიხედვითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.
გასულ კვირაში საქართველოს საპრალამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტით ბელგიასა და ლუქსემბურგში იმყოფებოდა, სადაც არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო.


