დავით ჩიხელიძე: “რამდენიმე პატიმარს გმირობანას თამაში მოუნდა და მათ ბადრაგის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შესაბამისად, ციხის თანამშრომლებს ჰქონდათ რეაგირების ვალდებულება. რაც ვნახეთ, იყო სწორედ რეაგირება და არა ძალის გადამეტება”
ექსპერტი დავით ჩიხელიძე პატიმრების მიერ ბადრაგის თანამშრომლებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ინციდენტის დროს ციხის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ რეაგირების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მითი: პატიმრებს ხელკეტებით სცემეს.
რეალობა: რამდენიმე პატიმარს გმირობანას თამაში მოუნდა და მათ ბადრაგის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შესაბამისად, ციხის თანამშრომლებს ჰქონდათ რეაგირების ვალდებულება.
რაც ვნახეთ, იყო სწორედ რეაგირება და არა ძალის გადამეტება.
განსაკუთრებით საინტერესოა ბოლო კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ბადრაგის თანამშრომლებს პატიმრები. მიჰყავთ ადამიანურად, მშვიდად, ისე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს წაიყვანდნენ. ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს წარსული და ვიცით, 2012 წლამდე პატიმრის მსგავსი გამოხდომა როგორ დასრულდებოდა.
მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში ისინი საკუთარი ფეხით, არათუ იმ დღეს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეღარ გაივლიდნენ.
პ.ს. ეს იდიოტები იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ ასეთი იაფფასიანი წარმოდგენებით ისევ საკუთარ რეპუტაციას აზიანებენ. პირიქით, კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას და, პატიმართა ნაწილის უღირსი საქციელის მიუხედავად, გამოწვევებს ღირსეულად და კანონის ფარგლებში პასუხობს”, – წერს ჩიხელიძე.


