საზოგადოება

„ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის თვე განსაკუთრებულად მიეძღვნა ამ კამპანიას და „ვარდისფერი ოქტომბერი“ ეწოდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წლის სხვა თვეებსა და დღეებში ეს კამპანია არ მიმდინარეობს და ადამიანებს ინფორმაციას არ ვაწვდით“ – ირმა ზავრადაშვილი

„ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის თვე განსაკუთრებულად მიეძღვნა ამ კამპანიას და „ვარდისფერი ოქტომბერი“ ეწოდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წლის სხვა თვეებსა და დღეებში ეს კამპანია არ მიმდინარეობს და ადამიანებს ინფორმაციას არ ვაწვდით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ აღვნიშნავთ „ვარდისფერ ოქტომბერს“. მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს ამ დღეს და მისი მასშტაბურობაც ზუსტად განსაზღვრავს ამ თემის მნიშვნელობას. ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის თვე განსაკუთრებულად მიეძღვნა ამ კამპანიას და „ვარდისფერი ოქტომბერი“ ეწოდა. ასევე, იანვარი არის საშვილოსნოს ყელის კიბოს ირგვლივ ცნობიერების ამაღლების „ზურმუხტისფერი იანვარი“, ხოლო მარტი – სწორი ნაწლავის კიბოს „ნარინჯისფერი მარტი“. ეს სამივე მიმართულება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ფერები და თვეები მიეძღვნა მათ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წლის სხვა თვეებსა და დღეებში ეს კამპანია არ მიმდინარეობს და ადამიანებს ინფორმაციას არ ვაწვდით.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, ჩვენი ქალთა ორგანიზაციის საქმიანობა, რა თქმა უნდა, კოორდინაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და სკრინინგცენტრებთან. ისინი არიან სერვისების მიმწოდებლები და წლიდან წლამდე, თითქმის ყოველდღიურად აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით. „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ჩვენც ვუერთდებით ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის სკრინინგცენტრს. მათთან ერთად ვცდილობთ საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირებას და, რაც მთავარია, იმ ადამიანების სკრინინგზე მიყვანას, ვისაც უჭირს ამის გაკეთება, ინფორმაცია არ აქვს ან შორეულ სოფლებში ცხოვრობს.

ქალთა ორგანიზაციის დაარსებიდან უკვე მე-4 წელია, რაც ჩართული ვართ ამ პროცესში და ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ შედეგებს. მაგალითად, შარშან 30 ათასამდე ქალთან გვქონდა შეხვედრა მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 18 ათასამდე ქალი, რომელსაც სკრინინგი არ ჰქონდა ჩატარებული, ჩვენი ინფორმირების შემდეგ მივიდა და გამოკვლევა ჩაიტარა. ამ 18 ათასიდან ათასამდე ადამიანი ისეთი აღმოჩნდა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა დაავადების არსებობაზე და სკრინინგის შემდეგ დროულად მოახდინა ამ პრობლემის მოგვარება.

მნიშვნელოვანია, რომ რამდენადაც თვითონ სერვისი საკმაოდ ძვირადღირებულია – იგი კეთდება მაღალტექნოლოგიური აპარატურით და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჯგუფის მიერ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენზე დიდ და მდიდარ ქვეყანას ეს არ გაუკეთებია, „ქართული ოცნების“ პირობებში (მართალია, სკრინინგის პროგრამა 2008 წელს დაიწყო, მაგრამ მაშინ არ იყო ამხელა მასშტაბის) სკრინინგი და პრევენციულ ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა მთელი საქართველოსთვის ხელმისაწვდომია.

რატომ არის სკრინინგი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ მას რამდენიმე ძირითადი მიმართულება აქვს: პრევენციული ჯანმრთელობა – დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერვენციაა, რომელსაც შეუძლია ადამიანის ხარისხიანი ჯანმრთელობის გადარჩენა და ფინანსური რესურსების დაზოგვა – როგორც ადამიანისთვის საკუთარი ჯიბიდან, ისე სახელმწიფოსთვის ბიუჯეტიდან, რადგან ადრეულ სტადიაზე დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტის მკურნალობა 50-70-ჯერ ნაკლები ჯდება, ვიდრე მესამე და მეოთხე სტადიაზე.

რაც შეეხება სერვისებს, გვაქვს ორი სახის შეთავაზება: სტაციონარული სერვისები — კლინიკები რეგიონების მასშტაბით (სულ 78 ლოკაციაზე) და მამომობილები, რომლებსაც ყველაზე შორეულ და მიუვალ სოფლებშიც კი შეუძლიათ მისვლა და სკრინინგის ჩატარება.

ჩვენ, ქალთა ორგანიზაციის ეგიდით, მთლიანად ჩართულები ვართ პროცესში მთელი საქართველოს მასშტაბით. „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანია უკვე გაიხსნა ქვეყნის ყველა რეგიონში: მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და პარალელურად – რისკჯგუფების სკრინინგცენტრებში მიყვანა და გამოკვლევების ჩატარება.

წელს სასიხარულო სიახლეა: სკრინინგის პროგრამებს დაემატა ფილტვის კიბოს სკრინინგიც (რაც ბევრ უფრო დიდ და მდიდარ ქვეყნებსაც არ აქვთ). მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმართულება სკრინინგცენტრების ლოკაციებს არ ეფუძნება (რადგან ფილტვზე ორიენტირებული კლინიკების პრეროგატივაა), თბილისის მერიისა და სამინისტროს ჩართულობით ისიც ხელმისაწვდომია.

გარდა ამისა, წელს გავაკეთეთ გამონაკლისი და ვარდისფერი ოქტომბრის თვე მხოლოდ სკრინინგს არ დავუთმეთ – ყურადღება გავამახვილეთ მთლიანად პრევენციულ ჯანმრთელობაზე. ეს მოიცავს ყველაფერს: კვებას, სტრესის მართვას, ჰიგიენას, ვაქცინაციას, ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას და ა.შ.

წელს „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია გეგმავს, რომ შარშანდელი შედეგები კიდევ უფრო გააუმჯობესოს. მიუხედავად იმისა, რომ არასაარჩევნო წელია, ჩვენ წლიდან წლამდე მუდმივად ვმუშაობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიყოთ ამომრჩეველთან ახლოს და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ინტერვენციები განვახორციელოთ. შესაბამისად, წელსაც მასიურად ვართ შესული მთელი საქართველოს მასშტაბით, ვავრცელებთ ინფორმაციას და პარალელურად სკრინინგის პროცესებსაც ვუზრუნველყოფთ“, – განაცხადა ირმა ზავრდაშვილმა.