საზოგადოება

ირმა ზავრადაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად არის ის ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა და ყველა ინტერვენცია სწორედ თითოეულ ადამიანზეა ორიენტირებული“

„ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად არის ის ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა და ყველა ინტერვენცია სწორედ თითოეულ ადამიანზეა ორიენტირებული“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, მედიცინა ისეთი სფეროა, სადაც ყოველწლიურად ჩნდება როგორც ახალი დაავადებები, ისე ინოვაციური და ძვირადღირებული პრეპარატები. საბედნიეროდ, მეცნიერება წინ მიდის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ხელისუფლება, ჯანდაცვის სისტემა და ბიუჯეტი ყველაფერს ერთად ვერ დააფინანსებს. რაც უფრო მეტს აკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით, მით უფრო მეტი ახალი, ინოვაციური პრეპარატი და კვლევა შემოდის, შესაბამისად, მხოლოდ ბიუჯეტის ზრდით ამ პროცესებს ბოლომდე ვერ დაეწევი. გარდა ამისა, ცნობილია, რომ რაც უფრო სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები და პროგრესი, მით უფრო მეტი გამოწვევა და ახალი დაავადება ჩნდება.

ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი პრევენციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ყურადღების გამახვილება – რათა თითოეულმა ადამიანმა საკუთარი ჩართულობითა და სახელმწიფოს დახმარებით შეძლოს საკუთარი ხარისხიანი სიცოცხლის გადარჩენა.

აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის ჩართულობას – არა მხოლოდ ქალების, არამედ ყველა მამაკაცის, რომელსაც ჰყავს დედა, მეუღლე თუ ქალიშვილი. თითოეული მამაკაცის მოწოდება და ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თუკი არსებობს ძუძუსა თუ საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის და პრობლემის მოგვარების გზები, ყველამ მაქსიმალურად იზრუნოს ამაზე.

ადამიანის ორგანიზმი დაახლოებით 35-37 ტრილიონი უჯრედისგან შედგება. ეს უჯრედები ორგანიზმში სინქრონში მუშაობს იმისათვის, რომ ჩვენი ნებისმიერი ორგანო გამართულად ფუნქციონირებდეს. ისე საოცრად არის მოწყობილი ჩვენი სხეული, რომ თუ რომელიმე უჯრედმა ფუნქცია დაკარგა, ორგანიზმს მისი თვითგანადგურების უნარიც კი აქვს. ამ 37 ტრილიონ უჯრედზე კი მთავარი პასუხისმგებელი თავად ადამიანია. ყველას გვაქვს ეს 37 ტრილიონი უჯრედი – ჩვენი, უნიკალური, რომელიც ღმერთმა თითოეული ადამიანისთვის შექმნა.

ღმერთმა ადამიანი თავის ხატად გააჩინა და პასუხისმგებლობა დააკისრა: იზრუნოს საკუთარ ორგანიზმზე, დაიცვას და პატივი სცეს საკუთარ ჯანმრთელობას, რითაც რეალურად უფლის შექმნილს სცემს პატივს“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.