მარტა კოსი: “მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ”
“მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. თქვენ მოწინავე კანდიდატ ქვეყნებს შორის ხართ”, – განაცხადა ევროკომისარმა მარტა კოსიმ ბრიუსელში, მოლდოვის ასოცირების საბჭოს დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე.
“ჩვენ მოლაპარაკების ორი კლასტერი უკვე გავხსენით. ველოდებით, რომ ძალიან მალე კიდევ ორ კლასტერს გავხსნით.
ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ თქვენს ძალისხმევას კანონის უზენაესობის მიმართულებით განსაზღვრული შუალედური ნიშნულების მისაღწევად.
რეფორმები ყველა მიმართულებით წინ მიიწევს”, – აცხადებს მარტა კოსი.
“ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი გამოვლინება საქართველოს მიმართ”, – ასე აფასებენ თბილისში კოსის განცხადებას. იხსენებენ ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ მწვავე და კრიტიკულ განცხადებებს და კოსს ახსენებენ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, ინდექსებსა და სტატისტიკას, სადაც საქართველო მოლდოვას ყველა პარამეტრით უსწრებს, მათ შორის, სიღარიბის მაჩვენებლებით, ეკონომიკური ზრდით, კორუფციის ინდექსით, უცხოური ინვესტიციებით, საკუთრების უფლებების, ბიზნესის, შრომისა და ვაჭრობის თავისუფლების შეფასებებით.


