თენგიზ შარმანაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: „ესენი არიან ნებისმიერ იდეოლოგიაზე სულის მიმყიდველები, თუკი ეს ხელისუფლებაში მათ მოსვლას უზრუნველყოფს, რათა კიდევ ერთხელ გაამწარონ ქართველი ხალხი“
„ესენი არიან ნებისმიერ იდეოლოგიაზე სულის მიმყიდველები, თუკი ეს ხელისუფლებაში მათ მოსვლას უზრუნველყოფს, რათა კიდევ ერთხელ გაამწარონ ქართველი ხალხი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თენგიზ შარმანაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რომლებმაც საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტის მიმართ კრიტიკა გამოთქვეს.
„ერთ მშვენიერ დღეს ეს ასამბლეა შეიძლება სულაც თბილისში ჩატარდეს. შეხვედრა წელიწადში ერთხელ იმართება და 180-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს – მათ შორის, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტებს, რომლებიც ახლა ტანზანიაში იმყოფებიან. ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ყველა კონტინენტის არაერთი ქვეყანა მისი წევრია და ისინიც იქ არიან. ღონისძიება ხან ერთ ქვეყანაში იმართება, ხან – მეორეში, და იმედს გამოვთქვამ, რომ ერთ დღეს საქართველოშიც გაიმართება.
რაც შეეხება ამ თემაზე მოქილიკეებს, სულაც რომ ორმხრივი ვიზიტი იყოს აფრიკის რომელიმე ქვეყანასთან – იქნება ეს ტანზანია თუ სხვა – შეიძლება, ადამიანს ასეთი რასისტული გამოხტომები ჰქონდეს? ესეც კოლონიური აზროვნების ნიშანია. თურმე, საქართველოს აფრიკაში რა ესაქმება. აი, ასეთი ქაჯური დამოკიდებულება აქვთ საკუთარი ქვეყნისადმი. ამას ხალხი უყურებს, საკუთარ დასკვნებს აკეთებს და მერე ნუღარ უკვირთ ხოლმე IRI-ს მიერ გამოტანილი დასკვნები და ციფრები. ვერც იმას იტყვიან, რომ ეს ორგანიზაცია რაიმე სიმპათიით გამოირჩევა მმართველი პარტიის მიმართ – პირიქით, ისიც კი იძულებული გახდა, რეალური შედეგები გამოექვეყნებინა.
ტანზანიაში 180-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტია ჩასული და თურმე საქართველოს იქ ჩასვლა ყოფილა გასაქილიკებელი. ტანზანიის პარლამენტთან რომც გვქონოდა შეხვედრა, რა პრობლემა იქნებოდა თუნდაც ეს?
როდესაც გამოდიხარ და ამ თემაზე ხუმრობ, თან ლეიბორისტი გქვია. არადა, ლეიბორისტი პირიქით – უფრო დიდი შემწყნარებლობით უნდა გამოირჩეოდეს, ისტორიულად ყოველთვის ასე იყო. სინამდვილეში, ესენი რასისტებიც კი არ არიან – ესენი არიან ნებისმიერ იდეოლოგიაზე სულის მიმყიდველები, თუკი ეს ხელისუფლებაში მათ მოსვლას უზრუნველყოფს, რათა კიდევ ერთხელ გაამწარონ ქართველი ხალხი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.


