პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადების შესახებ: „ეს განცხადებაც მორიგი მარგალიტი იყო, თუმცა მათგან უკვე აღარაფერი გვაკვირვებს. რადგან მათ ბრძანებებს ყურმოჭრილი მონებივით არ ვემორჩილებით და კრიტიკული აზრი გაგვაჩნია, სწორედ ამისთვის გვსჯიან“

„ეს განცხადებაც მორიგი მარგალიტი იყო, თუმცა მათგან უკვე აღარაფერი გვაკვირვებს. რადგან მათ ბრძანებებს ყურმოჭრილი მონებივით არ ვემორჩილებით და კრიტიკული აზრი გაგვაჩნია, სწორედ ამისთვის გვსჯიან“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თენგიზ შარმანაშვილმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის შემდეგ განცხადებასთან დაკავშირებით: „მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“.

„წარმოიდგინეთ, რა ვითარებაა მოლდოვასა და უკრაინაში. ამ შემთხვევაში, მოდით, არ ვისაუბროთ ომზე და ვნახოთ, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში კორუფციის მიმართულებით. ნებისმიერი კორუფციული საკითხი, რომელიც უკრაინაში გამოვლინდა – ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფედერალური ბიურო ჩავიდა და უკრაინის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ გახსნა ეს საქმეები, რამაც უკრაინის ხელისუფლება ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

ჩვენთან რომელი კორუფციული საქმეებიც გამოქვეყნდა, არავინ ჩამოსულა და არც არავის დახმარება დაგვჭირვებია -კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი ძალებით ხდებოდა. აი, ეს განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის. თვითონვე ამბობენ და აღიარებენ, რომ უკრაინაში არნახული კორუფციაა, ხოლო მოლდოვაში – არანაკლებ არნახული.

თან ეს დასკვნები გარე ძალების გაკეთებული კი არ არის, ისევ ევროკავშირის ინსტიტუტების მიერაა მომზადებული – თვითონვე ამბობენ ამას. ამერიკის შეერთებული შტატებიც, როდესაც რაიმეს აქვეყნებს, ყოველთვის აღნიშნავს მოლდოვასა და უკრაინაში არსებულ კორუფციას. ნებისმიერი გამოკითხვით, გამჭვირვალობის კუთხით, ბიუჯეტის, მთავრობის ეფექტიანობისა და მართლმსაჯულების კრიტერიუმებით, ათი თავით წინ ვართ არა მხოლოდ მოლდოვასთან, არამედ ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანასაც კი ვუსწრებთ. ამის შემდეგ რომ გამოდის ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, ისეთი ტყუილი მაინც თქვას, რომელიც დამაჯერებელი იქნება.

მარტა კოსის ეს განცხადებაც მორიგი მარგალიტი იყო, თუმცა უკვე მათგან უკვე აღარაფერი გვაკვირვებს. როდესაც იმ სისულელეს ამბობს, რომ „ნეტა იმ მდგომარეობაში იყოს საქართველო, როგორიც უკრაინა და მოლდოვააო“, რა კრიტერიუმით განსაზღვრავს? რომელი მონაცემია ისეთი, რომლითაც ისინი გვისწრებენ? გეიპარადებით ალბათ? სხვა რა?! უბრალოდ, აკვიატებული იდეები აქვთ – რადგან მათ ბრძანებებს ყურმოჭრილი მონებივით არ ვემორჩილებით და კრიტიკული აზრი გაგვაჩნია, გვსჯიან“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.