პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის შესახებ: „ძალიან კარგი, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, იცეკვოს საქართველოში. ის, რომ მას ცეკვის შესაძლებლობა ჰქონდა, იმის დამსახურებაა, რომ საქართველოს მთავრობამ მას და მის უფროსებს არ დაუჯერა“

„ჩვენ ვიხილეთ მოცეკვავე ევროკავშირის ელჩი და ძალიან კარგი, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, იცეკვოს საქართველოში. კარგია რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს იმის განწყობაც და შესაძლებლობაც, რომ იმხიარულოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში გამართულ ევროპის დღის ღონისძიებაზე საუბრისას.

„საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის ელჩისა და მისი ხელმძღვანელობისთვის რომ დაეჯერებინა, დღეს საქართველოში საცეკვაოდ საქმე არავის ექნებოდა.
საქართველო დღეს იქნებოდა ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა; საქართველო დღეს იქნებოდა ომისგან დანგრეული ქვეყანა, რომ დაგვეჯერებინა პირადად ჰერჩინსკისთვის და მისი ხელმძღვანელობისთვის. მადლობას არ ველით მისგან, მაგრამ იმედია, გაიაზრებს – ის, რომ მას ცეკვის შესაძლებლობა ჰქონდა, იმის დამსახურებაა, რომ საქართველოს მთავრობამ მას და მის უფროსებს არ დაუჯერა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედა. ღმერთმა შეარგოს ცეკვა და მოლხენა, მაგრამ რომ დაგვეჯერებინა, ალბათ, ევროკავშირის ელჩი საქართველოშიც არ იქნებოდა, ევაკუირებული იქნებოდა – ისევე, როგორც კიევი მიატოვეს ელჩებმა; ერთადერთი, საქართველოს ელჩი დარჩა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.