პოლიტიკა

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციის განცხადება: “ეუთო-ს პლატფორმები ხელს უნდა უწყობდეს ჭეშმარიტ დიალოგსა და მოსაზრებების კონსტრუქციულ გაცვლას და არ უნდა გამოიყენებოდეს შეცდომაში შემყვანი ნარატივებისა თუ განსხვავებული მოსაზრებების პოლიტიზების ინსტრუმენტად“

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, საქართველოს დელეგაციამ „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციასთან” დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„კონფერენციის მსვლელობისას, განცხადებების დროს არაერთგზის განხორციელებულმა ხელისშემშლელმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას და შეზღუდა მონაწილეთა შესაძლებლობა თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები. მსგავსი ქცევა ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემას და დადგენილი პროცედურების დაცვას, რაც არსებითია მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვისთვის.

ეუთო-ს პლატფორმები ხელს უნდა უწყობდეს ჭეშმარიტ დიალოგსა და მოსაზრებების კონსტრუქციულ გაცვლას, და არ უნდა გამოიყენებოდეს შერჩევითი ინტერპრეტაციების, შეცდომაში შემყვანი ნარატივებისა თუ განსხვავებული მოსაზრებების პოლიტიზების ინსტრუმენტად.

საქართველო რჩება ერთგული ეუთო-ს ფარგლებში კეთილსინდისიერი თანამშრომლობისა და ორგანიზაციაში კონსტრუქციული ჩართულობის.

ჩვენ გავაგრძელებთ იმგვარი გარემოს მხარდაჭერას, რომელშიც დიალოგი არსებითია, მონაწილეობა – ინკლუზიური, ხოლო სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ყველა მონაწილე სახელმწიფო და მხარე თანაბრად იცავს“, – განაცხადა საქართველოს საელჩოსა და ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დესპანმა ეკატერინე ზოდელავამ ავსტრიის რესპუბლიკაში.