მსოფლიო

მედია: BlackRock-ის აქტივების რეკორდული მოცულობა აშშ-ის ეკონომიკის ნახევარს შეადგენს

BlackRock-ს ახლა ისეთი ოდენობის აქტივები აქვს, რომელიც აშშ-ის ეკონომიკის ნახევარს უტოლდება, – ამის შესახებ ამერიკული წამყვანი ფინანსური და ეკონომიკური საინფორმაციო სააგენტო წერს და უმსხვილესი საინვესტიციო და აქტივების მართვის გიგანტის, BlackRock-ის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს.

BlackRock-მა მესამე კვარტალი მართვის ქვეშ არსებული აქტივების რეკორდული მაჩვენებლით – 15,49 ტრილიონი დოლარით დაასრულა, რაც აშშ-ის მთლიანი ეკონომიკის, დაახლოებით ნახევარია.

კვარტლის განმავლობაში კლიენტების მხრიდან წმინდა შემოდინებამ 205 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ბოლო 12 თვის განმავლობაში – 869 მილიარდი დოლარი.

განსაკუთრებით ძლიერი ზრდა დაფიქსირდა iShares-ის მიმართულებით: მისმა წამყვანმა ETF-ებმა (ბირჟაზე ვაჭრობადმა ფონდებმა), თითქმის 135 მილიარდი დოლარი მოიზიდა.

BlackRock-ის შემოსავალი 19%-ით გაიზარდა და 7,75 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე 15,93 დოლარს მიაღწია. კომპანიამ ასევე განახორციელა საკუთარი აქციების გამოსყიდვა 550 მილიონი დოლარის ოდენობით.