პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: “პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი კირცხალია პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშორებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

კირცხალიას განმარტებით, როგორც “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს, ისე უმრავლესობის სხდომაზე, ირაკლი კობახიძეზე საუბარი ნამდვილად იყო, მათ შორის, პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მასზე ბევრი ისაუბრა, თუმცა, ყველა სიტყვა იყო საქებარი.

მისივე თქმით, გუნდი უერთდება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას და მხარს უჭერს ირაკლი კობახიძეს.

“ნამდვილად იყო საუბარი ბატონ პრემიერზე, მათ შორის, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ნამდვილად ბევრი ისაუბრა მასზე, მაგრამ, აბსოლუტურად ყველა სიტყვა იყო საქებარი მის მიმართ.

რა თქმა უნდა, გუნდი უერთდება ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძისადმი გამოთქმულ მხარდაჭერასა და შექებაში, რადგან, მისი მეთაურობით, საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან კარგად და არათუ რაიმე მიზეზი არსებობს მისი გადადგომის, არამედ, აბსოლუტურად ყველა განვლილი დღე ადასტურებს, რომ ის არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი.

სწორედ ამას გაუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილმა, ყველაზე მეტი დრო დაუთმო მასზე საუბარს და ეს საუბარი იყო მხოლოდ ირაკლი კობახიძის შექება.

როდესაც ასეთი მოცემულობაა და ყველა ხედავს, თუ როგორი წესიერი, შრომისმოყვარე და პატიოსანი პრემიერი ჰყავს ქვეყანას და ოპოზიცია კიდევ მსგავს ჭორებს ავრცელებს, ძალიან კარგად ჩანს, თუ სად და როგორ მდგომარეობაში არიან ისინი,” – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.