თამთა მეგრელიშვილი: “სტრატეგიული თანამშრომლობისა და სწორი სახელმწიფოებრივი ხედვის შედეგად, საქართველო სულ უფრო მყარად იკავებს თავის ადგილს გლობალურ რუკაზე, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის პროგრესსა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე”
“მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკური მონაცემებით, ჩინეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ ისტორიულ ნიშნულს გადააჭარბა და 119,081 ვიზიტი შეადგინა”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
„დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი გამოწვევისა და გეოპოლიტიკური სირთულის წინაშე დგას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ შეძლო, სისტემური, კოორდინირებული მუშაობით უზრუნველეყო ეკონომიკური სტაბილურობა და მოკლე დროში ასეთი უპრეცედენტოდ მაღალი შედეგები ეჩვენებინა.
ეს წარმატება ხელისუფლების გონივრული პოლიტიკის შედეგია, რომელიც რამდენიმე უმნიშვნელოვანეს და ურთიერთდაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე დგას:
უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ სრულად მოხსნა ბიუროკრატიული ბარიერები, ხოლო უმაღლეს დონეზე წარმოებულმა შედეგიანმა მოლაპარაკებებმა საავიაციო ბაზრის გაფართოება და ახალი პირდაპირი ფრენების, მათ შორის, შანხაი-თბილისის რეისის დამატება განაპირობა, რამაც პირდაპირ შეუწყო ხელი მგზავრთნაკადის მკვეთრ ზრდას.
ამასთან, ამ ყველაფერს ზურგს უმაგრებდა კარგად დაგეგმილი და განხორციელებული მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები. აზიაში, უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე (ITB China) საქართველოს წარდგენამ პარტნიორი ქვეყნის სტატუსით ქვეყნის ცნობადობა თვისებრივად ახალ საფეხურზე აიყვანა.
დღევანდელი რეკორდული მაჩვენებლები სწორედ ამ ერთიანი, სისტემური მიდგომის დამსახურებაა.
სტრატეგიული თანამშრომლობისა და სწორი სახელმწიფოებრივი ხედვის შედეგად, საქართველო სულ უფრო მყარად იკავებს თავის ადგილს გლობალურ რუკაზე, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის პროგრესსა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე.
მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას!“ – წერს სოციალურ ქსელში თამთა მეგრელიშვილი.


