პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილმა სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი სფეროები გააცნო, ილაპარაკა დიპლომატის პროფესიის მნიშვნელობაზე, ასევე საჯარო სამსახურში ახალგაზრდების ჩართულობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე. მინისტრმა ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი შეიტანა ექვსასზე მეტმა ახალგაზრდამ, რომელთაგანაც კონკურსის შედეგად შერჩეული ორმოცდახუთი სტაჟიორი სამინისტროს სხვადასხვა განყოფილებაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.

სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საჯარო დაწესებულებებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით ხორციელდება.