პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციის შესახებ: “მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, როგორც ტერიტორიასთან დაკავშირებული, მათ მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯები”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვას ეხმაურება.

„ორი დღის განმავლობაში, კოლექტიური “ნაცმოძრაობა” გვანახებს თავის სახეს – რომ მათ არ აქვთ არავითარი სამართლებრივი არგუმენტი, თუ რატომ არ არიან არაკონსტიტუციურები და, მათ შორის, პოლიტიკური არგუმენტებიც კი არ აქვთ. მიუხედავად ამისა, მთელი ორი დღის განმავლობაში ცდილობენ, სამართლებრივი პროცესი როგორმე გადაიყვანონ პოლიტიკურ ჭრილში. ერთადერთი, რასაც ამბობენ, – ხუთივე პარტიას ერთად რატომ გვასამართლებთო. აქ ხომ პასუხი ძალიან მარტივია: ისინი თავიდანვე, სულ ერთად არიან, იდეოლოგიური ერთობა აქვთ, თავიანთ ქმედებებშიც კი ერთნი არიან – მაგალითად, კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდებებში, დელეგიტიმაციის მცდელობებში, არჩევნების არაღიარებაში, ბოიკოტში, მათ შორის, გახარიელებიც კი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გახარიელები ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არ შემოდიოდნენ პარლამენტში, და რას ელოდებოდნენ?

თვითონვე აღიარეს, რომ ელოდებოდნენ, თუ როგორ დასრულდებოდა 2025 წლის 4 ოქტომბერი. მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, როგორც ტერიტორიასთან დაკავშირებული მათ მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯები. მათი ზნე არის ერთი და იგივე, ამიტომაც, ისინი, როგორც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიები, სამართლდებიან ერთად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამართლებრივად დავასაბუთოთ, თუ რატომ არის საჭირო მათი გაუქმება და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად გამოცხადება”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.