პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „დღეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე – სამართლებრივად უნდა შეფასდეს ბოლო 22 წლის მოვლენები“

„საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს იმართება უმნიშვნელოვანესი პროცესი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი არის სამართლებრივი. ამასთანავე, დღეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე – სამართლებრივად უნდა შეფასდეს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ბოლო 22 წლის მოვლენები“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

„დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ქვეყანა დავტოვოთ საფრთხის წინაშე და სამართლებრივად არ შევაფასოთ 2004-2012 წლების რეჟიმის შემოქმედი “ნაციონალური მოძრაობის” და 2012 წლიდან დღემდე “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი განშტოებების (გვარამია-მელიას „ახლის“; ბოკერიას “ფედერალისტების”; ხაზარაძე-ჯაფარიძის „ლელოს“; გახარიას პარტიის) საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული ქმედებები.

ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული მექანიზმი გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების საფუძველს ქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და დემოკრატიის პრინციპი, რომელთა სისტემური დარღვევა მის ხელყოფად უნდა იქნეს განხილული.

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი განმტკიცებულია კონსტიტუციის მე-4 მუხლში, რომელიც იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების დამკვიდრება. ამასთანავე, საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. პოლიტიკური პარტიები კი მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში.

ამრიგად, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა დემოკრატიის პრინციპების დაცვასთან პირდაპირ და მჭიდროდ არის დაკავშირებული. აქ წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები კი მუდმივი რეჟიმით კანონსაწინააღმდეგო, ექსტრემისტულ და ძალადობრივ ქმედებებს სჩადიან და, ამის გასამართლებლად, უსაფუძვლოდ უარყოფენ და არ აღიარებენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და სხვასაც მოუწოდებენ, არ დაემორჩილონ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, მთავრობის აქტებს, სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

პოლიტიკური პარტიის საქმიანობა უშუალოდ და მჭიდროდ არის დაკავშირებული თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციასთანაც, რომლიდან გამომდინარეც, დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის ისეთი საქმიანობა, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას ან საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს რომელიმე ფუძემდებლურ პრინციპს. ამ მხრივ კი, ყურადსაღებია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი განმარტება: „[…] დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი მოიცავს შეზღუდვას, რომ დემოკრატიული მეთოდების მეშვეობით არ მოხდეს თავად დემოკრატიული სახელმწიფოს იდეის უგულებელყოფა. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს დაცვის მექანიზმებს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპებისთვის ფორმალურად დემოკრატიული პროცესების გამოყენებით საფრთხის შექმნისაგან – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის N2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-57“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.