პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: “უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში განცხადება გააკეთა.

„2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტი მაქსიმალურ ნიშნულამდე გაემწვავებინათ. არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები დღემდე ცდილობენ, საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარება გამწვავდეს იმავე ფორმითა და ხარისხით, რა ფორმითა და ხარისხითაც ამას 2008 წლის ომამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა.

2012 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა სხვა მიმართულებითაც განხორციელდა –
კერძოდ, ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნას გამოყენებული.

კერძოდ, ეს მცდელობები მოიცავს:
− ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისა და შენარჩუნების საკითხისთვის საზიანო ქმედებებს;

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებაზე უცხოეთიდან სისტემატურ საინფორმაციო თავდასხმებს, სანქციების დაწესების მცდელობებს და ამის ხელშეწყობას.

2024 წლის 24 ივნისს 6 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის („ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) მიერ ქალაქ ბრიუსელში ხელმოწერილი ერთობის დეკლარაცია – ხელმომწერები შეთანხმდნენ:

1. არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისამდე მოენახათ ყველაზე ეფექტიანი კონფიგურაცია ჩვენი ერთიანობისა, რომელიც მაქსიმალური შედეგის მომტანი იქნება არჩევნებში;

2. ერთიანი მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე არჩევნების შემდგომ;

3. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დაეჭირათ ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის;

4. მოუწოდონ და მობილიზება გაუკეთონ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ამომრჩევლების მაქსიმალურ მონაწილეობას არჩევნებში და ეთხოვათ პარტნიორ ქვეყნებს არსებული პროცესის ხელშეწყობა.

პოლიტიკური პარტიები „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია-მელია-გირჩი-დროა“, „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ და „გახარია საქართველოსთვის“ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაგზავნი წერილით ადრესატებს სთხოვდნენ:

1. საქართველოს ხელისუფლების მიმართ განეხორციელებინათ მოწოდება იმის შესახებ, რომ საერთაშორისო შეფასების პროცესის დასრულებამდე არ გამართულიყო ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა;

2. გაეკეთებინათ მკაფიო განცხადება იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო შეჩერდა ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი;

3. შეეჩერებინათ საქართველოს ხელისუფლებასთან ყველა სახის ოფიციალური კომუნიკაცია ევროკავშირის ნებისმიერ დონეზე, ვიდრე ხელისუფლება არ გასცემდა თანხმობას საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაზე;

4. შეეჩერებინათ სამთავრობო ფინანსური დახმარება წელიწადში დაახლოებით 120 მილიონი ევროს ოდენობით, ხოლო ფინანსური რესურსები გადაემისამართებინათ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედია საშუალებების დახმარებისთვის“,- აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას დღეიდან იწყებს.