შალვა ოგბაიძე რადიკალურ ძალებზე: „არაერთი მცდელობა ჰქონდათ, რომ ხელისუფლებაში დამხობის, რევოლუციისა და სისხლისღვრის ხარჯზე მოსულიყვნენ, მაგრამ მადლობა უფალს, რომ ქართველმა ხალხმა ეს არ მიიღო. ქართველმა ხალხმა ეს უკვე ნახა 90-იან წლებში, როდესაც საქართველოში ძმათამკვლელი ომი გაჩაღდა და ეს აღარ მოხდება“
„არაერთი მცდელობა ჰქონდათ, რომ ხელისუფლებაში დამხობის, რევოლუციისა და სისხლისღვრის ხარჯზე მოსულიყვნენ, მაგრამ მადლობა უფალს, რომ ქართველმა ხალხმა ეს არ მიიღო. ქართველმა ხალხმა ეს უკვე ნახა 90-იან წლებში, როდესაც საქართველოში ძმათამკვლელი ომი გაჩაღდა და ეს აღარ მოხდება“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ რადიკალურ ძალებზე საუბრისას განაცხადა.
„ეს რადიკალიზმი – თუ დააკვირდებით 2019 წლის ივნისიდან, ე.წ. გავრილოვის ღამიდან მოყოლებული – რამდენი მცდელობა იყო იმისა, რომ ჰქონოდათ საბაბი: არა ხელისუფლებაში მოსულიყვნენ არჩევნების გზით, არამედ დამხობის, რევოლუციისა და სისხლისღვრის ხარჯზე. სხვათა შორის, ისინი ამას დამოუკიდებლად ვერ გაბედავდნენ, რომ არა ჩვენი ე.წ. ყორღანაშვილები, რომლებიც დადიოდნენ ევროსტრუქტურებში და ითხოვდნენ, რომ ევროვიზალიბერალიზაციის სიკეთე, რომლითაც ჩვენი თანამოქალაქეები სარგებლობენ, საქართველოსთვის არ მიეცათ. კიდევ ბევრი მაგალითია. ამათ დავუმატოთ კიდევ ის ევროუსაქმურები – ფონ დერ ლაიენი და მისთანანი, ამხელა სიძულვილი აქვთ და ეს სიძულვილი იკვებება უზარმაზარი თანხებით.
მე არ ვიცი, რა არის „დიფ სთეითი“, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ უზარმაზარი თანხით ფინანსდებიან იმისათვის, რომ შემდგომ აქ წაახალისონ ის პროცესები, რაც არაერთხელ ვნახეთ ტელევიზიით: როგორ გადიან სწავლებას, ე.წ. ტრენინგს – როგორ უნდა მიხვიდე პოლიციელთან, როგორ უნდა მიაშტერდე თვალებში, როგორ უნდა ისარგებლო ტუჩსაცხით ფარზე… მოკლედ, როგორ გამოიწვიო პროვოკაციული ქმედებები. ეს ერთი ხელწერაა. მადლობა უფალს, რომ ქართველმა ხალხმა ეს არ მიიღო. ქართველმა ხალხმა ეს უკვე ნახა 90-იან წლებში, როდესაც საქართველოში ძმათამკვლელი ომი გაჩაღდა, და ეს აღარ მოხდება. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ის უზარმაზარი რესურსი – ლოჯისტიკა, კვება, გახმოვანება, ფოიერვერკები, პეტარდები და სასროლი მასალა – რომელიმე ორგანიზაციის შემოწირულებით იყო და „წითელი ჯვრის“ მსგავსი რაიმე ორგანიზაცია აფინანსებდა ამ გაბრიყვებულ (არ მომერიდება ამ სიტყვის თქმა) ახალგაზრდებს“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.


